აფხაზური მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა აფხაზეთის კულტურული ცენტრის ოფიციალური გახსნა.
გახსნის ცერემონია, როგორც აპსნიპრესი წერს, გაიმართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის შენობაში.
“ღონისძიების დასაწყისში შესრულდა აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და კორეის რესპუბლიკის ჰიმნები. ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის კულტურის მინისტრი დაურ კოვე, კორეის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) დეპუტატები, ხელოვნების მოღვაწეები, მეწარმეები და ჟურნალისტები. ღონისძიების გახსნისას დეპუტატმა ან ჰო იონგმა სიტყვით მიმართა სტუმრებს, მიულოცა და აღნიშნა ქვეყნების კულტურული და ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობა”.
აფხაზური მედიის ინფორმაციითვე, აფხაზეთის კულტურის მინისტრმა [დე ფაქტო – რედ.] დაურ კოვემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი ცენტრის მთავარი მიზანია აფხაზეთსა და სამხრეთ კორეას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარება, გამოცდილების გაცვლის, შემოქმედებითი პროექტებისა და ჰუმანიტარული ინიციატივებისთვის პლატფორმის შექმნა.
„ეს ნაბიჯი ახალ პერსპექტივებს ხსნის ერთობლივი პროექტების გაფართოების და ჰუმანიტარული დიალოგის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით, რაც უწყობს ხელს მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაძლიერებას ხალხებს შორის“, – თქვა კოვემ.
ცენტრის ფარგლებში, სოხუმის ინფორმაციითვე, იგეგმება გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება, “რაც სამხრეთ კორეის მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას”.
