სოხუმში მდებარე ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დინარა სმირი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ს ეუბნება, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.
“შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკარგია. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი”. – ამბობს დინარა სმირი.
საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგაშო შეტყობინება სამორიგეო სადგურმა ღამით, 03:38 საათზე მიიღო. ხანძრის ჩაქრობაში სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან გაგზავნილი 11 სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ცეცხლის ლოკალიზება დილის შვიდი საათისთვის შეძლეს.
როგორც სამხატვრო გალერის დირექტორი, სურამ საკანია ამბობს, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.
“დავდივარ და ვტირი. საშინელებაა. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი დაიწვა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია”. – აღნიშნა საკანიამ Apsnypress-თან საუბრისას.