სოხუმის ღვინის ქარხანამ წარმოება შეაჩერა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ღვინის ქარხანა თვეზე მეტია დაკეტილია. მიზეზებზე გამოცემა Apsnypress-ს შპს „ს ღვინოები და წყლების“ მთავარი მეღვინე ვალერი ავიძბა ესაუბრა.
მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ იმპორტირებულ ღვინის მასალებზე აქციზის 30%-იანი გადასახადი დააწესა, რაც ღვინის მწარმოებლებს დიდ ტვირთად აწვებათ.
„ჩვენმა დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ თუ ფასებს გავზრდით, საქონელს ვერ გაყიდიან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა. წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება დროებითია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება და მინისტრთა კაბინეტი გააუქმებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ავიძბამ.
სოხუმის ღვინის ქარხანა ოკუპირებულ აფხაზეთში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია. ამ საწარმოში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.