რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2025 წლის 3 მაისიდან განახლდება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს „ტელეგრამ“ არხის ცნობით, პირველი რეისი მოსკოვიდან სოხუმში ავიაკომპანია „ЮВТ აეროს“ [ევროპის ქვეყნებში სანქცირებული] მიერ განხორციელდება.
„Минтранс-ისა და Росавиация-ს მიერ, რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, გახსნილია ბილეთების გაყიდვა სოხუმის მიმართულებით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ფრენების აღდგენას, ოფიციალური ცნობითვე, ეტაპობრივი ხასიათი ექნება — 6 მაისიდან დაიწყება რეისები ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია „Икар“ [ასევე ევროპის ქვეყნებში სანქცირებული] შეასრულებს.
ორივე ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულია და მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა. ევროკავშირმა UVT Aero და „Икар“ 2022 წელს დაამატა EU Air Safety List-ში, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებს ეკრძალება ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი აფხაზეთის ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) აღიარების გარეშე, აფხაზეთის ტერიტორიიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან. თუმცა რუსეთის აქტიური ჩართულობითა და მსხვილი ინვესტიციით აეროპორტი მუშაობას ანახლებს. საცდელი რეისი უკვე განხორციელდა – თებერვლის დასაწყისში სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი რეისი მიიღო მოსკოვიდან.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ახორციელებს. 2023 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობამ მასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამ შეთანხმების მიხედვით, როგორც სოხუმი ირწმუნება, აფხაზეთის საკუთრებაში რჩება აეროდრომი, აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ისტორიული ტერმინალი. ასევე შენარჩუნდება ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსი და აეროპორტის სახელწოდება.
