სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მიიღოს – სერგეი კირიენკო
რუსეთის ახალმა კურატორმა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს.
„იმისთვის, რომ სეზონზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან აეროპორტში სრულფასოვანი ფრენები განხორციელდეს, პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მიიღოს“, – განაცხადა მან ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ.
კირიენკომ აღნიშნა, რომ აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, ასევე რუს ტურისტებს. მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე.
„სიმართლე გითხრათ, ასეთი ლამაზი პროექტი აქამდე არ მინახავს“, – თქვა მან.
მანამდე კირიენკომ აეროპორტში სამუშაოები დაათვალიერა და საკითხი განიხილა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრა გუნბასთან, რომელიც აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. ოპოზიციის განცხადებით, გუნბას უფლება არ ჰქონდა, კირიენკოს შეხვედროდა საკოორდინაციო შტაბის უფროსის რანგში. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას, პრესსამსახურში განაცხადეს.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. რაშიდ ნურგალიევს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.
www.radiotavisupleba.ge