სოჭის წვენი, ჩაი, მურაბა, მალამო – რა გეგმები აქვს “მეიცას”?

საწარმო “კავკასიური მედიცინა” ოზურგეთში, სოფელ გაღმა დვაბზუში მდებარეობს და სოჭისგან ჩაის, წვენს, მურაბას და მალამოს სთავაზობს, რომელიც ბაზარზე ბრენდის “მეიცას” სახელით იყიდება.
კომპანია ბაზარზე 9 წელია პროდუქციას აწარმოებს, თუმცა შარშან “ჯიტას” 30000 გრანტის ფარგლებში ახალი საწარმო მოაწყვეს და საჭირო ტექნიკით აღჭურვეს. ასევე სახლთან ახლოს სანერგეც აქვთ გაშენებული.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ქეთევან გობრონიძე BM.GE-სთან აცხადებს, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ წარმოების გაორმაგება მოუწიათ.
„სოჭის პროდუქცია გვაქვს როგორც მშრალი, ისე თხევადი სახით. ვაწარმოებთ სოჭის ჩაის, წვენს, მურაბას, მალამოს და ა.შ. წვენებზე მოთხოვნა იმდენად არის გაზრდილი, რომ წარმოების გაორმაგება გახდა საჭირო და ამ დროისათვის უკვე 1000 ბოთლ სოჭის წვენს ვაწარმოებთ. რაც შეეხება მის ღირებულებას, ნახევარი ლიტრი სოჭის წვენის ღირებულება 10 ლარს შეადგენს“,-აცხადებს საწარმოს დამფუძნებელი.
მისივე ცნობით, საწარმოში ჯამში 4 ადამიანია დასაქმებული, ასევე წარმოებაში ოჯახის წევრებიც აქტიურად არიან ჩართული. ამჟამად, კომპანიას საწარმოს მხოლოდ პირველ სართული აქვს ათვისებული, თუმცა მიმდინარე წელს, ჩაის მიმართულების გააქტიურება და წარმოების ზრდა იგეგმება, შესაბამისად, მეორე სართულის ათვისებაც იგეგმება. ამასთან, ჩაის პაკეტებში დაფასოება და ისე რეალიზაცია.
კომპანია ამჟამად პროდუქციას როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ონლაინ ყიდის. ამასთან, აქვს საკურიერო მომსახურებაც.
გარდა ამისა, კომპანიას სოჭისგან დამზადებული პროდუქცია მცირე რაოდენობით ექსპორტზეც გააქვს, კერძოდ იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ამერიკასა და ირლანდიაში.