სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფხაზეთში შშმ პირის საქმეზე პრეცედენტული დავა უზენაეს სასამართლოში მოიგო.
“2024 წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს და მიუთითა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ის არსებული პოლიტიკის ძირეული რევიზიისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველიც უნდა გახდეს,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში, 2021 წელს ოჩამჩირეში მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, რითაც ეზღუდებოდა მსგავსი დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა. პირი საქართველოს პირადობის მოწმობას ფლობს.
“სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება, ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია პირის სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან ისარგებლოს სოციალური დახმარებით, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი და ა.შ., წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს. ის არ შეიძლება დაუკავშირდეს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს, ან/და იურიდიულ მისამართს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტი და მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი აღმასრულებელი უწყებები პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისთვის უფრო ფართო სოციალურ გარანტიებს, გასაცემლებსა და პროგრამებს გაითვალისწინებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებებისა და სოციალური საჭიროებების დაცვას არსებითად გააუმჯობესებენ,” – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
