სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე დაზიანებებია, პოლიტიკური სპეკულაციებია – კახა კალაძე

თბილისის მერი „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება.
მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის ტაბლო. რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, დაიმტვრა ავტობუსების ტაბლო. გარდა ამისა, ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე ტროტუარებია ჩავარდნილი. სინამდვილეში, საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტული იუთუბერის მიერ გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი კადრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფოტომასალების გავრცელება პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველას უნდა გვიხაროდეს. ასეთი ფაქტები მოწმობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარიათ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სამუშაოები მიმდინარეობს, გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, მეტიც ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო მაგარ პროექტს განვახორციელებთ. დედაქალაქის მერია მოწოდების სიმაღლეზე იქნება და გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.