სოციალური საწარმო „ბაბალე“ რეგიონებში გეგმავს გაფართოებას – ინტერვიუ ლია ტაბატაძესთან

სოციალურ საწარმო „ბაბალეს“, რომელიც 9 წლის წინ 8 000-ლარიანი საგრანტო დაფინანსებით შეიქმნა, დღეს უკვე „ბაბალეს“ წინდების წარმოების გარდა, კერამიკის სახელოსნო, სამკერვალო და ბეჭდვის მომსახურება აქვს და თავისივე ხარჯებით „დაუნის“ სინდრომის მქონე მოზარდების სამუშაო უნარების განვითარებაზე ზრუნავს. 9 წლის განმავლობაში სოციალურ საწარმოს 300 000 ლარამდე გრანტი აქვს მიღებული და როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დირექტორი ლია ტაბატაძე ამბობს, სამომავლოდ რეგიონში გეგმავენ გაფართოებას.
„კომერსანტი“ ლია ტაბატაძეს „ბაბალეს“ შექმნის, განვითარებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის შეიქმნა „ბაბალე“ და როგორია მისი კონცეფცია?
ლია ტაბატაძე, დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დირექტორი: „ბაბალე“ გაიხსნა 9 წლის წინ, 2015 წლის შემოდგომაზე. მე თვითონ დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედა ვარ და როდესაც ის დაიბადა, 14 წლის წინ, ქვეყანაში უზარმაზარი სტიგმა იყო, არც ახლა განვიცდით ნაკლებობას, ითვლებოდა სირცხვილად და დაუნის სინდრომი თუ ვინმეს ჰქონდა, ოჯახის გარიყვა ხდებოდა, უწევდათ ბავშვების მიტოვება ან დამალვა, იყო რჩევები სამშობიაროებში, რომ ბავშვები დაეტოვებინათ. მე თვითონ გამიჩნდა შინაგანი პროტესტი საზოგადოების და გარემოს მიმართ და გადავწყვიტე, რომ შემეცვალა ადამიანების მიდგომა. რამდენიმე თანამოაზრე მშობელი ვიპოვე და ერთობლივად დავიწყეთ საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის, 21 მარტის აღნიშვნა.
იმ პერიოდში ტარდებოდა სოციალური მეწარმეობის ტრენინგი. ბიზნეს გამოცდილება ცოდნა და უნარები არ მქონდა, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, მაგრამ ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ ამ უნარების განვითარების პოტენციალი გვქონდა, დამეხმარნენ ბიზნეს გეგმის გაკეთებაში და ნელ-ნელა გავერკვიეთ, მივიღეთ „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მცირე გრანტი და წარმოუდგენელ ფასად, 8 000 ლარად დავიწყეთ „ბაბალეს“ საწარმოს შექმნა. პატარა ოთახი გავხსენით, სადაც ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდით და თან თერაპიული ხაზის განვითარებაც დავიწყეთ.
2015 წლიდან რომელი და რა მოცულობის გრანტებით მოახერხეთ „ბაბალეს“ განვითარება?
„ბაბალე“ დაარსებიდან დღემდე თავის შემოსავლებზეა დამოკიდებული. საგრანტო მხარდაჭერა რაც მიგვიღია, ძირითადად, გაფართოებაზეა მიმართულია.
თავიდან „ევროპის ფონდის“ 20 000-ლარიანი გრანტი გვქონდა, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული კომერცია განვავითარეთ. შემდეგ მივიღეთ ფონდ „სიცოცხლის ხის“ 50 000-ლარიანი გრანტი, ამის ფარგლებში შევქმენით „ბაბალეს“ წინდები. (მე ასევე „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ვარ და ეს ჭრელი წინდების კამპანია 21 მარტთან დაკავშირებით ჩვენი ღონისძიებაა). „ბაბალეს“ წინდების დიზაინში ვიყენებთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების დეტალებს.
რა ღირს და სად იყიდება „ბაბალეს“ წინდები?
წინდები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და შემდეგ გვქონდა ისევ CSRDG 25 000 ლარიანი გრანტი, რომლის დახმარებითაც შევძელით ამ წინდების amazon-ზე გაყიდვა. გრანტი მიმართული იყო ელექტრონული გაყიდვების მიმართულების განვითარებისთვის. ადგილობრივ ბაზარზე წინდის ფასი 10 ლარია, amazon-ზე ნაკრები, რომელშიც შედის 3 წინდა, 15 დოლარი ღირს.
როგორ და ვისი დახმარებით მოახერხეთ საწარმოს გაფართოება?
საწარმოს გაფართოების მიმართულებით ისევ პანდემიის დროს მოქმედი სოციალური საწარმოს მხარდასაჭერი „ევროპის ფონდის“ გრანტი ავიღეთ, რომლის ფარგლებშიც განვავითარეთ სამზარეულოს ხაზი, სადაც ვქმნით იგივე კონცეფციით – კულტურული მემკვიდრეობა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების დეტალებით სუფრებს, წინსაფრებს და ცხელის ასაღებს. გრანტი იყო 50 000 ლარი.
სად იყიდება თქვენი პროდუქცია?
ჩვენს მაღაზია-შოურუმში, ასევე ელ-კომერციით რამდენიმე საიტზე და ბაბალე.ჯი-ზე. ამ გრანტის ფარგლებში საიტიც გავაკეთეთ ანუ ჩვენი ონლაინ-მაღაზია.
ერთი წელია CSRDG-ის ახალი გრანტი გვაქვს, რომელიც 50 000 ევროს შეადგენს და ავიღეთ. ეს თანხით კერამიკის სახელოსნო შევქმენით, აღჭურვილობა შევიძინეთ, გავარემონტეთ სახელოსნო და ავიყვანეთ ახალი თანამშრომლები, ასევე აღვჭურვეთ და კეთილმოვაწყვეთ მეორე სახელოსნო, სადაც სამკერვალო და საბეჭდი მომსახურება გვექნება, კერვის მიმართულებაც ულამაზეს ჩანთებს და მაისურებს ვაკეთებთ.
რამდენი დასაქმებული გყავთ? შშმ პირებს ასაქმებთ?
ამ წუთას 23 ადამიანი გვყავს დასაქმებული, აქედან 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდაა, 5 – შშმ პირის მშობელია, რამდენიმე შუა ასაკის ქალბატონია და უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, უფრო სტუდენტები. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის შშმ პირი გვყავდა დასაქმებული, რომელთაც დავეხმარეთ, რომ სხვაგან წასულიყვნენ, თავიანთი ინტერესების მიხედვით.
მაგრამ, იმისთვის, რომ შშმ პირი და განსაკუთრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი დასაქმდეს, ხანგრძლივი გზაა გასავლელი. მათ სჭირდებათ სამუშაო უნარების განვითარება, დროის მართვა, სივრცეში გადაადგილება, ხარისხის კონტროლი. ეს ხანგრძლივი რუტინული პერიოდია და ეს მოზარდობის პერიოდიდან უნდა დაიწყო. აქედან გამომდინარე, „ბაბალეში“ შევქმენით 4-საფეხურიანი პროგრამა, რომელიც 12 წლის ასაკიდან იწყება და 2-2 წელი გრძელდება. მესამე საფეხურზე შშმ პირებს შეუძლიათ სტაჟიორის თანხაც აიღონ. ამჟამად 3 მათგანი ჩვენთან სტაჟირებას გადის და ჰონორარს იღებს. ვთანამშრომლობთ პროფესიულ სასწავლებლებთანაც. ოთხივე საფეხურის გავლის შემდეგ ისინი „ბაბალეში“ საქმდებიან ან მისთვის შერჩეულ სხვა პროფესიაში დასაქმებაში ვეხმარებით. ამ წუთას ამ პროექტში 16 მოზარდია ჩართული და სკოლას, გაყიდვებიდან შემოსული თანხით, „ბაბალე“ აფინანსებს.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, გაფართოებას ხომ არ აპირებთ?
გეგმების სულ გვაქვს, სულ ვფართოვდებით. „ბაბალეს“ არ აქვს თავისი საკუთარი ფართი და სულ იჯარითაა, ახლა 3 სივრცე გვაქვს იჯარით და მეოთხე სივრცე გვინდა დავამატოთ. გეგმაში გვაქვს, რომ რეგიონში ან ფილიალები გავხსნათ, ან წარმოების, ან „ბაბალეს“ წარმოება განვავითაროთ. იმიტომ, რომ ძალიან დიდი ინტერესი და მოთხოვნაა რეგიონებიდან.
„ბაბალე“ ს პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციაში – „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტია. მასთან ერთად ფინალში არიან ქართული კომპანიები – „ტენე“ და „პეტიტ ბაზარი“.