სოფო ჯაფარიძე – არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა არ ჰქონია.
მისი თქმით, ლილუაშვილთან არასდროს ჰქონია კავშირი და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის “დიდი ტყუილი”.
„რადგან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მინდა, ვთქვა ის, რაც „ტვ ფორმულას“ ჟურნალისტს ვუთხარი: ამბავი იმის შესახებ, რომ მე ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის დიდი ტყუილი! ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა არათუ შეხვედრა, არამედ ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა რაიმე ტიპის შეხვედრის დაგეგმვაც კი.
გრიგოლ ლილუაშვილთან არასდროს არ მქონია არანაირი კავშირი, საერთოდ არც კი ვიცნობ მას და ამ საკითხზე არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. წყაროს გააჩნია აშკარა განზრახვა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი, რადგან ასეთი არ მომხდარა“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“ფორმულამ” წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს “ორმაგ აგენტად” მოიაზრებენ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან ნდობაში შევიდა, 4 ოქტომბრის გეგმა შესთავაზა, სავარაუდოდ, პარალელურად კი ინფორმაციას ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა. მოულოდნელად კი ლილუაშვილმა ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გაწყვიტა. ასევე, ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან ორი შეხვედრა შედგა, პირველად ს მონაწილეობით, ხოლო შემდეგ ხაბეიშვილი მურთაზ ზოდელავამ ჩაანაცვლა, მათივე მტკიცებით, ორივე შეხვედრას სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა.