ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა. როგორც სოფო ხუნწარიამ აღნიშნა, გადაცემა „მე-17 სართული“ იხურება, მაგრამ ტელეკომპანია „ფორმულა“ აგრძელებს მაუწყებლობას.
მისივე თქმით, ტელეეთერის მიღმა დარჩენილი გადაცემის წამყვანები სოციალურ ქსელში გააგრძელებენ აქტიურობას და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.
„დადგა დრო ჩვენი დამშვიდობების. პირველი, რომ უნდა გისურვოთ გამარჯვება და ბრძოლის ჟინი. ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს 31-ში ღამით. ჩვენ დროებით ვეღარ მოგესალმებით „მე-17 სართულიდან“, თუმცა იქამდე სანამ შევძლებთ ტელეეთერით ვიყოთ თქვენთან ერთად, ისევ გპირდებით, რომ ჩვენ სოციალურ ქსელში „ფეისბუქზე“ ვიქნებით ძალიან აქტიურები და ისევ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ ერთად იმ თემებზე რაც თქვენთვის და ჩვენთვის სულერთი არ არის. ბუნებრივია „ფორმულა“ მაუწყებლობას გააგრძელებს და არ გეგონოთ, რომ „ფორმულა“ ტელეეკრანებიდან გაქრება, მაგრამ ცოტა ხანს ჩვენ გვექნება წყვეტა „მე-17 სართულს“ და ამიტომ მინდა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო, ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გულით მიყვარხართ. ეს ჩემგან სათქმელი და აუცილებლად ისევ შევხვდებით“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.