სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება – დაპირისპირება ნახევარი მილიონის გამო

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილს, სოფო ჭყონიასა და ტელეკომპანია “ტვ პირველის” მფლობელ ვატო წერეთელს შორის ფინანსური დავის შესახებ. ბიზნესმენთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, სოფო ჭყონიამ ვატო წერეთელს, “ტვ პირველში” არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 2021 წელს სამჯერ ასესხა თანხა: თავდაპირველად 400 000 ლარი, შემდეგ 55 000 დოლარი, ამის შემდეგ კი – 60 000 ლარი, თუმცა, წერეთელმა ვალი არ დააბრუნა, რის შესახებაც სოფო ჭყონიამ, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს აცნობა და ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა.
წყაროს თქმით, გარდა იმისა, რომ ვატო წერეთელი ვალს არ აბრუნებს, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა სოფო ჭყონიას. ფაქტის შესახებ საქმის კურსშია ბიზნესმენ თემურ ჭყონიაც, რომელმაც თავის მხრივ, ასევე მიმართა ავთანდილ (ჭუტა) წერეთელს. “თემურ ჭყონია აცხადებდა, რომ თანხა არ არის მისთვის პრიორიტეტული. მისი ინფორმაციით, ვატო წერეთელმა, სოფო ჭყონიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და თემურ ჭყონია ამ ფაქტით იყო ძალიან გაღიზიანებული. მან ჭუტა წერეთელს განუცხადა, რომ მიეხედა ამ საკითხისთვის”, – ამბობს წყარო.
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ 2024 წლის სექტემბერში, სოფო ჭყონიას ადვოკატმა ნიკოლოზ ხაინდრავამ, ვატო წერეთელს ჰკითხა, 2021 წლის 8 აგვისტოს სოფო ჭყონიას მიერ, ნანა აბურჯანიძისთვის (“ტვ პირველი”) ჩარიცხული 400 ათასი ლარი გადაეცა თუ არა მას; ასევე ჰკითხა, გადაეცა თუ არა მას სოფო ჭყონიას მიერ, ზურაბ ქარცივაძისთვის (ტვ პირველი) გადაცემული 35 ათასი დოლარი.
წყარო ჰყვება, რომ ამ კითხვებზე პასუხს სოფო ჭყონიას ადვოკატი რამდენიმე დღე ელოდა, ამის შემდეგ კი, მან შეათანხმა ნანა აბურჯანიძის და ზურაბ ქარცივაძის ადვოკატთან, რომ თუ ვატო წერეთელი არ აღიარებდა ნანა აბურჯანიძისგან 400 ათასი ლარის და ზურაბ ქარცივაძისგან 115 ათასი ლარის მიღებას, მაშინ ადვოკატი მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს.