პარლამენტის თანამშრომელი, სოფო თოდუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. მისი თქმით, ის სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.
„გასრულდა ჩემი ათწლიანი „მოღვაწეობა“ საქართველოს პარლამენტში. ოთხწელიწადნახევარი ვიმუშავე „ქართული ოცნების” აპარატში. შემდეგ, მათივე რეკომენდაციით, ჩავები ერთ ძალიან კარგ პროექტში, რომელსაც „ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ ჰქვია.
ამ მართლაც კარგი მუზეუმის შექმნაზე მუშაობდა 6-კაციანი ჯგუფი და ერთ-ერთი ვიყავი მეც. ასე რომ, დიახ, მეც მიმიძღვის ერთი მეექვსედი წილი ამ მუზეუმის გამართვაში. იქიდან მოყოლებული, საქმეს, რომელიც მე დამევალა, საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონია პოლიტიკასთან – 2019 წლიდან ვიყავი გიდი და ჩემს კოლეგასთან ერთად ვიღებდით უამრავ (2023 წ. 10 000 ვიზიტორს ვუმასპინძლეთ) ქართველ თუ უცხოელ სტუმარს, მათ შორის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლებს.
მას შემდეგ, რაც „ოცნებამ რუსული კანონი მიიღო და ხალხი გარეთ გამოვიდა (ჯერ კიდევ გაზაფხულზე), მე, როგორც ნორმალურმა ადამიანმა, ეს ვერაფრით ვერ მოვიწონე. ცხადია, მით უფრო ვერ მივიჩნევდი სწორ ნაბიჯად იმას, რაც დღეს ხდება. ამიტომ ხანდახან დავდიოდი აქციებზე – განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, რადგან იქ ჩვენი შვილები იდგნენ და სახლში რა გაგვაჩერებდა?! რამდენჯერმე დავპოსტე კიდეც, რასაც ვფიქრობდი დღეს მიმდინარე მოვლენებზე. აი, ეს გახდა ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი და არა ის, რომ თურმე ექსკურსიების რაოდენობა იკვეცება და მე საჭირო აღარ ვარ. ცნობისათვის, ექსკურსიების მსურველი იმდენია, ხშირად 2 თვით ადრეც ეწერებიან და წესით 2 კი არა, სულაც 4 გიდია საჭირო)))
მე არ ვყოფილვარ საჯარო მოხელე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მერქვა და ჩემი მოცილება კიდევ უფრო მარტივი იყო – უბრალოდ აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება. ეს ხალხი, – „ოცნების” ლიდერებს ვგულისხმობ, – დარწმუნებულნი არიან, რომ ერთხელ თუ აგიყვანენ სამსახურში, მთელი ცხოვრება მათი ყურმოჭრილი მონა უნდა იყო – მაშინაც კი, თუ თვითონ სიბრიყვეს ან დანაშაულს (ან ორივეს ერთად) ჩაიდენენ. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამავე აზრზეა. გეტყვიან: აბა, რა გეგონა, ენას რომ ატლიკინებდიო(((
ხომ ვერ იგუეთ ჩემნაირი ადამიანების მოზომილი კრიტიკა? დაასრულებთ ისე, როგორც ასრულებს ყველა რეჟიმი.
ჩემი უსამსახურობა მხოლოდ ჩემი პრობლემაა, მაგრამ ის, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეხება უკლებლივ ყველას. და რა მართლები იყვნენ ისინი, ვინც ადრევე შეგიცნოთ და ვისაც მე ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ თქვენი მმართველობა უკეთესი იყო სხვებისაზე. როგორც ჩანს, სანამ უშუალოდ შენ არ შეგეხება რამე ცუდი, არ გინდა სიმართლის დაჯერება. ეს ადამიანური სისუსტეა და, სამწუხაროდ, მეც არ ვარ გამონაკლისი”, – წერს თოდუა.