ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშებს ყადაღა დაედო.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყადაღა კონკრეტული პირების ანგარიშებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაედო.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.
დღეის მდგომარეობით გამოძება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”- ნათქვამია განცხადებაში.
29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცი გელავას ქმარმა, პოლიტიკოსმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.
24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.