სოფლის მეურნეობაში დაწესებულმა დღგ-ს შეღავათმა კონტრპროდუქტიული ხასიათი მიიღო – ძნელაშვილი(bm.ge)

სოფლის მეურნეობის სექტორში დაწესებულმა დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათმა საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტიული ხასიათი მიიღო – ასე აფასებს აუდიტორული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ამ დარგში დღგ-ს ნულოვანი დაბეგვრის წესს.
როგორც ზურაბ ძნელაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საგადასახადო შეღავათს, რომელსაც ადგილობრივი წარმოება უნდა წაეხალისებინა, უკუეფექტი ჰქონდა და პირიქით, იმპორტი წაახალისა.
მისი თქმით, დღეს ფერმერებს რესტორნებთან და სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობა უჭირთ, შესაბამისად, ცდილობენ, პროდუქცია მაინც დაბეგრონ და შემსყიდველებს დღგ-ს ჩათვლის საშუალება მისცენ. შემოსავლების სამსახური კი ჩათვლას არ აღიარებს და შემსყიდველებს პრობლემები ექმნებათ.
ზურაბ ძნელაშვილი მიიჩნევს, რომ აუციელებელია შემოსავლების სამსახურმა ამ კუთხით პრაქტიკა შეცვალოს და თუ ფერმერს კონკრეტულ შემთხვევაში, შეღავათით სარგებლობა არ სურს, ეს უფლება შეუნარჩუნოს.
“როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორში შეღავათები დაწესდა, რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა კეთილშობილური მიზნები. სოფლის მეურნეობის წახალისება იყო მიზანი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან მიიღო კონტრპროდუქტიული ხასიათი, ანუ უკუეფექტი მოგვცა.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში წარმოებული პირველადი პროდუქციის მიწოდება თავისუფლდება დღგ-სგან, სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერებისთვის ჩათვლის უფლებით არის გათავისუფლებული ეს შეღავათი. მაგრამ მოდი ვნახოთ, ვისთან აქვს კონტაქტი ფერმერს? ან რესტორანთან, ან სუპერმარკეტთან. არცერთ რესტორანს და არცერთ სუპერმარკეტს არ აწყობს დღგ-ს გარეშე საქონლის შეძენა. ამიტომ მათ ურჩევნიათ ხოლმე იმპორტირებული პროდუქტის შეძენა, საიდანა ისინი იღებენ ჩათვლას, დღგ-ს ჩათვლას. ადგილობრივი წარმოება რომ იყოს უფრო იაფი, ვიდრე ვთქვათ იმპორტირებული პროდუქტი, მაშინ რა თქმა უნდა, კონკურენციასაც გაუწევდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ადგილობრივი წარმოება იაფი იმპორტულთან შედარებით და ამ პირობებში ვინ იყიდის უფრო ძვირად პროდუქციას, იმიტომ რომ ქართულია და თანაც იმ პირობით, რომ იქიდან დღგ-ს ვერ ჩაითვლის.
ამიტომ, რეალურად ჩვენ მივიღეთ ასეთი სიტუაცია, რომ რესტორანი და სუპერმარკეტი უპირატესობას ანიჭებს იმპორტირებულ პროდუქციას. ანუ დღგ-იან პროდუქციას, იქ სადაც დღგ-ს იხდის და ითვლის. რეალურად, ეს ფერმერები აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში, რომ ეფექტური აღარ არის მათი პროდუქციის რეალიზაცია. იმპორტირებული პროდუქცია რეალურად არის უპირატეს მდგომარეობაში სოფლის მეურნეობის ნაწილში, ვიდრე ადგილობრივი, იმიტომ რომ არცერთი მსხვილი შემსყიდველი ადგილობრივისგან არ ყიდულობს დღგ-ს გარეშე პროდუქციას.
აქედან გამოსავალი რა ნახეს ბიზნესებმა? ფერმერები არ სარგებლობენ ამ საგადასახადო შეღავათით, თუმცა როდესაც ასეთი პირების საგადასახადო შემოწმებები ჩატარდა, შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ ეს ჩათვლები იყო არასწორი, რახან მიწოდება არ იბეგრებოდა დღგ-თი, მას მიმღებს არ ჰქონდა მისი ჩათვლის უფლება და გაუუქმა ჩათვლები შემძენებს და ძალიან ბევრი სუპერმარკეტი, რესტორანი ან მწარმოებელი, მოექცა სერიოზული წნეხის ქვეშ და რეალურად ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ ამ პირებს.
მე ვფიქრობ, რომ აქ მიდგომაა შესაცვლელი, ისევ შემოსავლების სამსახურის მხრიდან. იმიტომ რომ საგადასახადო შეღავათი ეს არის უფლება, ეს არის პირის უფლება და არა ვალდებულება. თუკი მაგალითად, ფერმერი გადაწყვეტს, რომ მას არ სურს საგადასახადო შეღავათით სარგებლობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ არ ისარგებლოს. დაბეგროს ეს დღგ-თი, ხოლო შემძენმა ჩაითვალოს ეს გადახდილი დღგ და ამაში პრობლემა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ფისკალურად ეს არის ნეიტრალური”, – განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მომზადებული საგადასახადო დანახარჯების ანალიზის თანახმად, 2024 წელს ბიუჯეტმა საგადასახადო შეღავათების გამო 6.4 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. 2023 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამური ეფექტი კი 5.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ყველაზე მეტი საგადასახადო შეღავათი დამატებული ღირებულების გადასახადს უკავშირდება 2024 წელს დღგ-ს საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი დანახარჯების 94% შეადგინა. დღგ-ს დანახარჯები ძირითადად მოდის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტული სექტორებიდან, რომლებიც დაბეგვრისგან ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან. უშუალოდ სოფლის მეურნეობის დარგში დღგ-ს დანახარჯმა 2024 წელს 617 მილიონი ლარი შეადგინა.
bm.ge