ინტერვიუ უფლებადამცველ სოფიო ხორგუანთან. უფლებადამცველი ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის საარჩევნოდ ადგილობრივების განწყობებზე საუბრობს.
– ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას, რა არის თქვენი მთავარი პრეტენზია?
– არ უნდა იყოს კონფლიქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო არ უნდა იყოს ის, ვისიც უნდა გეშინოდეს. ის უნდა გეიმედებოდეს, ვისაც შენი პრობლემების მოგვარებას დაავალებ, კი არ სთხოვ, არამედ დაავალებ. ეს არის თანამედროვე სახელმწიფო,მაგრამ ხელისუფლებას არ ახსოვს, რომ ის მოქალაქეების მსახურია. ყველგან ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებაა იმ საქმისადმი, რომელსაც უნდა ემსახურებოდნენ. ადამიანი გამქრალია პოლიტიკიდან. ადამიანი, როგორც ღირებულება, გამქრალია პოლიტიკიდან. ყოველდღიურობა რთულია და პრობლემებთან მოქალაქე დარჩენილია მარტო. მაგალითს მოგიყვანთ. ერთ-ერთ სოფელში არ არის წყალი და მოქალაქეებმა მოძებნეს ნაწილობრივი დაფინანსება დონორი ორგანიზაციიდან, ჭაბურღილების გაკეთებით წყლის პრობლემას მოაგვარებდნენ შედარებით იაფად, მაგრამ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალციხიდან წყალი მილებით უნდა გაეყვანათ, დაახლოებით 2 მილიონი ჯდება და ეს ფული არ გვაქვს. სხვა სოფელში 30 მეტრიანი სპორტული მოედნის ნაცვლად, 25-იანი გააკეთეს, 600 მეტრიანი გზის ნაცვლად, 500 დააგეს – 5 მეტრი მოიპარეს, 100 მეტრი მოიპარეს. ამ დროს კი ახალციხის მუნიციპალიტეტმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ახალი მანქანა უყიდა. კიდევ ერთი მაგალითი, რეგიონში რომ ჰკითხოთ რომელიმე პოლიტიკოსს, თბილისზე არ ვლაპარაკობ, ჩათვლის თუ არა თავისი შვილის წარმატებად, სკოლის დამთავრების შემდეგ ნინოწმინდის კოლეჯში სწავლას? ჰკითხეთ! და ამ დროს ნინოწმინდაში კოლეჯი საერთოდ არ არსებობს, დაპირდნენ 2020 წელს, მაგრამ “გადააგდეს” ხალხი. ეს გაუცხოება პოლიტიკოსსა და მოქალაქეებს შორის არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ. როდესაც ვამბობ, რომ მინდა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო, ვგულისხმობ სახელმწიფოს, სადაც წარმატებულია ის, ვინც შრომობს, აქვს უნარები, კეთილსინდისიერია, ბეჯითია, მონდომებულია. ჩვენთან ძირითადად წარმატებულია ის, ვინც მლიქვნელია, გაძრომა-გამოძრომა იცის, ვინც მტაცებელია, წარმატებას რომ მიაღწიო, მტაცებელი უნდა იყო. ფსევდო ელიტები, ბაბუა საბჭოთა ნომენკლატურა, მამა ცეხავიკი, მერე ცეხავიკი პარლამენტში შევიდა, ფული იშოვა, შვილს განათლება საზღვარგარეთ მისცა და ახლა მისი შვილისთვის უნდა გავამზადოთ ადგილი, ყველას და ყველაფერს მოერგნენ. ამიტომ ბევრი მოქალაქე მიდის აქედან და ინტელექტუალურ რესურსს სხვა ქვეყანას ახმარს, სადაც ადამიანი ფასდება უნარებით, წესიერებით, შრომით და კეთილსინდისიერებით. იქაც რთულია ადგილის დამკვიდრება, მაგრამ აქ თითქმის შეუძლებელია. უსამართლო გარემო გვაქვს. გამოდის, რომ კორუმპირებული მტაცებლების იყო და არის ეს სახელმწიფო და მომავალშიც უნდათ, რომ მათი იყოს. კორუფცია არის სამშობლოს ღალატი ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ. უფრო მეტიც, როდესაც მოხელე ხარ ან პოლიტიკური თანამდებობა გიჭირავს, შენი მოვალეობაა ამ ქვეყნის მოვლა და საქართველოს ხალხზე ზრუნვა და ამ დროს ამას უყურებ, როგორც, მორიგ კარიერულ ნაბიჯს სადმე. არ გაქვს გამძაფრებული განცდა სამშობლოსა და ხალხის მსახურების და მაინც “ჩალიჩობ” ამ ადგილის დაკავებას, ეს უნამუსობა მგონია მე.
– სოფო, როგორია კავშირი რეგიონსა და ცენტრს შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების დროს გამართული პროტესტების გათვალისწინებით? რა გავლენა იქონია ახალგაზრდების ჯგუფებზე?
– მოდით, სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე მოგიყვებით, ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია, სხვადასხვა ორგანიზაციები აქ ძალიან ბევრ საინტერესო, უფრო სოციალურ პროექტს ახორციელებდა და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ისწავლეს თბილისში, ჰქონდათ შესაძლებლობა იქ ემუშავათ და ჰქონდათ შესაძლებლობა თავისი ადგილი დაემკვიდრებინათ, სამსახურის ჰქონოდათ და რეგიონში დარჩენილიყვნენ. სახელმწიფო და საჯარო სამსახურები მათთვის დახურულია, იქ ლამის საბჭოთა პერიოდიდან მუშაობს ერთი და იგივე ხალხი, 30 წელია გამგეობაში რომ მუშაობენ.
ამ მოვლენების მერე ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ეს ჩვენ არ გვეხება, პოლიტიკა პირდაპირ შეეხო. ჩერჩილის ნათქვამი „თუ არ გაინტერესებთ პოლიტიკა, ის დაინტერესდება თქვენით.” მათ საკუთარ თავზე იგრძნეს. რას ნიშნავს ცუდი პოლიტიკა, საკუთარ თავზე გამოსცადეს. ეს გახდა სტიმული ახალგაზრდებისთვის, დაინტერესდნენ პოლიტიკით. ჯანმრთელი პოლიტიკის პირობებში ახალგაზრდას არ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა, მისი ინტერესია ისწავლოს, იმოგზაუროს, გაერთოს – ბუნებრივია. ამის შესაძლებლობას არ აძლევს ჩვენი პოლიტიკა ახალგაზრდებს. მათ უთხრეს – თქვენ რა გესმით? ჩვენ ვწყვეტთ. ჩვენ ვიცით, რა სჯობს თქვენთვის. დიდი ამბავი თუ დაიხურება ორგანიზაციები და არ გექნებათ სამსახური. მერე კონცერტს ჩაგიტარებთ წინასაარჩევნოდ, ვიღაცას შეიძლება წინასაარჩევნოდ დროებითი სამუშაო მისცენ ან დაურიგონ რაღაც და მორჩა, ისევ იგივე გაგრძელდება. ხელისუფლებას ეს უნდა, უნდა სტატუს კვო შეინარჩუნოს. მაგრამ შეეშალათ, ბევრი ახალგაზრდა გაანაწყენეს. ამ ვითარებაში შესაძლებელია მეტად ჩაერთონ პოლიტიკაში. იაქტიურონ და მოსთხოვონ იმ ხალხს, ვისაც ყველანი ვქირაობთ, იმის შესრულება ჯეროვნად, რისთვისაც არიან დაქირავებულები.
– ორი თვე დაგვრჩა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როგორია მოლოდინი?
– ეს არის ეგზისტენციალური არჩევნები. განწყობაც ისეთია, როგორიც იყო 2012 წელს. 2012 წელსაც ხალხი ღიად არ ლაპარაკობდა და თავის პროტესტს არ გამოხატავდა, მაგრამ გაბრაზება ხელისუფლებაზე შიგნით ჰქონდა შენახული და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე დაირაზმა და თქვა, რომ მე არ მინდა მოძალადე ხელისუფლება. ასე დაირაზმება ახლაც, ჩუმად რომ არის, ის მოქალაქე. გამოვა და აუცილებლად გასცემს პასუხს მატყუარა და ცინიკურ ხელისუფლებას. მოქალაქეს რომ ეუბნებიან, შენ თუ ახლა ხმას არ მომცემ, იმ 300 ლარს წაგართმევ, ასე რომ ამცირებ საკუთარ მოქალაქეს – ამის გამო პასუხს მიიღებენ! დღეს ასე დგას საკითხი, როგორც სახელმწიფო გადავრჩებით თუ არ გადავრჩებით? მჯერა, გადავრჩებით თანამედროვე სახელმწიფოს შენების გზაზე წინსვლით! ჩვენი იდენტობის მდგენელია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კულტურისა და ღირებულებების ხალხი. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მივიჩნევთ თავს და ვიღაცას უნდა ჩვენი იდენტობის ნაწილი წაგვართვას და დაგვაბრუნოს იქ, რაც არ იყო ჩვენი! 70 წლიანი რუსეთის საბჭოთა და მანამდე ცარიზმის რუსეთის მარწუხებში დაგვაბრუნოს, უღმერთობისა და უსამშობლოობის ხანაში. მაგრამ ჩვენს თაობას გაუმართლა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა მტკიცედ, ნამდვილად და შინაარსით გავხდეთ ჩვენი კუთვნილი სამყაროს ნაწილი.
– როგორ უნდა დავიცვათ არჩევნები? ხელისუფლება მუდმივად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და სხვა მექანიზმებს თავის სასარგებლოდ. რა განსხვავებაა მომავალ არჩევნებსა და წინა არჩევნებს შორის? რატომ არის მომავალი საპარლამენტო არჩევნები ეგზისტენციალური?
– არჩევნების გაყალბებასაც აქვს საზღვარი. შეუძლებელია, ისე გააყალბო, ეს შესამჩნევი არ გახდეს. ეს საზღვრები მცირდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მიდის არჩევნებზე. რაც უფრო მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, მით ნაკლები შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას, გააყალბოს არჩევნები. თანუმეტესადელექტრონული არჩევნები გვაქვს. ავრცელებენ ხმებს, რომ შეუძლიათ გაიგონ, ვინ გააფერადა მოქალაქემ, ამობრუნებული ბიულეტენის მოთავსება სთხოვონ ან ფოტოს გადაღება მოსთხოვონ – ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ვინმე ამას აკეთებს უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. არასდროს არავინ პასუხი რომ არ აგო, ამიტომაც ვართ, იქ, სადაც ვართ. პრეცედენტი უნდა შევქმნათ, დამნაშავე მოხელეებმა და პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ. თუმცა, ამ არჩევნებზე უნდა წავიდეთ, როგორც ზეიმზე, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ის ნატვრა და სურვილი ავიხდინოთ, რაზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ყველა, ვინც აფხაზეთის ომში დაიღუპა, სისხლის ნათესავივით მიყვარს და ასე მგონია, ვალი მაქვს მათი ოჯახების წინაშე. ეს ხალხი იბრძოდა რუსეთის, ოკუპანტის წინააღმდეგ. მათი ეს ოცნება ამ არჩევნებით შეგვიძლია ავისრულოთ. ამისთვის კი მხოლოდ არჩევნებზე წასვლა მოგვეთხოვება და სწორი არჩევანის გაკეთება.
– ოპოზიციის ლიდერები არიან ის სახეები, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც ოპოზიციაში იყვნენ და ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ. ახლა რა ვითარებაშია ოპოზიცია?
– უნდა დავაკვირდეთ და ხმა მივცეთ ისეთ ძალას, რომელიც შანს მისცემს ახალგაზრდებს ჩაერთონ პოლიტიკაში. ასაკსაც რომ თავი დავანებოთ, მისცემს ისეთ ადამიანებს პოლიტიკაში შემოსვლის შესაძლებლობას, ვისაც აქვს რესურსი ემსახუროს სახელმწიფოს და ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები არის,პრაქტიკულად,იმის დადასტურება, რომ ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს. არჩევნებზე მისვლით ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფოს ვიმსახურებთ. დაძაბულობის და შიშის განცდის შექმნა არ მინდა, პირიქით, ეს უნდა იყოს ზეიმი. იმიტომ რომ მე გამიმართლა, პირდაპირ ვამბობ ჩემს სათქმელს – კი ევროპას – ეს არის ეს არჩევნები. კი ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობა არის, კეთილდღეობა არის, სადაც ადამიანი დაცულია, სადაც ახალგაზრდა კარგ განათლებას იღებს, მოგზაურობს, თავისი უნარების განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა აქვს. შემდეგ კი საცოდავ მიზერულ პენსიაზე კი არ იცხოვრებ, აი ჩვენი ემიგრანტები ხომ პენსიონერებს უვლიან საზღვარგარეთ. მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პენსიით დამხმარე ქალები დაიქირაონ. ეს არის ევროპა – სტაბილურობა, განვითარება, მშვიდობა. ჩვენ შეგვიძლია იმით, რომ წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, საკუთარ ქვეყანას მოვუყვანოთ ევროპული სახელმწიფო. დავიწყოთ ამ გზაზე სვლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მგონია, რომ ეს არ უნდა იყოს შიშის და დაზაფვრის პერიოდი, პირიქით, საზეიმო პერიოდის მოლოდინი, რომ ცოტაც დაგვრჩა. ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს და სწორ გზაზე დავაყენებთ. ეს განწყობა მინდა და მგონია, რომ შესაძლებელია ამ არჩევნებზე.