სოფია ვერულაშვილი ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა

რამდენიმე წლის წინ, სოფია ვერულაშვილი კავკასიაში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი გახდა გენშტალტთერაპიაში. შემდეგ ის ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მდივნად აირჩიეს. სულ რამდენიმე თვეში კი ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა. „ქართული კვირა“ დაუკავშირდა მას და გაესაუბრა.
– დიახ, ჯერ გავხდი გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მდივანი, რომელიც ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ასოციაციას მართავს. მე, როგორც ასოციაციის მდივანი, პასუხისმგებელი ვარ გეშტალტთერაპევტების და გეშტალტთერაპიის სუპერვიზორების მომზადების ევროპული მინიმალური სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების შემუშავება/დანერგვაზე, ასევე, მე განვიხილავ და ვანიჭებ გეშტალტთერაპევტებს და გეშტალტთერაპიის სუპერვიზორებს ევროპულ აკრედიტაციას და შემდგომ რეაკრედიტაციებს. აპრილის ბოლოს კი, ხორვატიის ქალაქ აპატიაში, ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ამირჩიეს ვიცეპრეზიდენტად და ახლა ასოციაციის მდივანი ვარ, თავისთავად აღმასრულებელი კომიტეტის მდივანიც და ამავდროულად ვიცეპრეზიდენტიც.
– რა შედის ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის მოვალეობაში ?
– მე ისედაც პრეზიდენტთან ერთად ვმართავდი ორგანიზაციას, მაგრამ ახლა პრეზიდენტის მემკვიდრედ ვიქეცი, ანუ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მე განვაგებ ასოციაციას და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი რაღაც მიზეზის გამო წავა ასოციაციიდან მე ვიქნები პირველი კანდიდატი, რომელსაც პრეზიდენტის ადგილზე კენჭს უყრიან. ჩემი მოვალეობა, ფაქტობრივად, პრეზიდენტთან ერთად ორგანიზაციის მართვა და პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი შეცვლაა.
– სოფიო, ამ წარმატებას ძალიან მოკლე ხანში მიაღწიეთ. მახსოვს, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას რომ გთავაზობდნენ თავიდან უარს ამბობდით….
– იმიტომ, რომ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი პროფესიული გაერთიანებაა გეშტალტთერაპიაში… იმიტომ, რომ ეს დიდი და საპასუხისმგებლო პოზიციაა ასოციაციაში, მე ჩემი თავი ვერ წარმომედგინა ასე მაღალ პოზიციაზე, ამხელა ამბიცია არ მქონდა… როგორც ჩანს ჩემი ევროპელი უფროსი კოლეგები და მასწავლებლები ჩემში მეტად იყვნენ დარწმუნებულები, ვიდრე მე და აი, დღეს ძალზე მადლიერი ვარ მათი… მთელი არსებით ვგრძნობ, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო და იმას ვაკეთებ რასაც უნდა ვაკეთებდე, ღირსეულად ვემსახურები ჩემს პროფესიას, ჩემს პროფესიულ საზოგადოებას და ჩემი წვლილი შემაქვს მის განვითარებასა და გაფართოებაში კაცობრიობის სასიკეთოდ და ამით, ასევე, ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემი წილი საქართველო, ჩემს მიერ ქართულად ხელმოწერილი ევროპული აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატებით იგზავნება გეშტალტთერაპევტებთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
რაც შეეხება ვიცეპრეზიდენტობას, ვიცეპრეზიდენტი ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის რეგულაციებით ირჩევა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს შორის კომიტეტის წევრების მიერ. ასოციაციას მართავს აღმასრულებელი კომიტეტი. აღმასრულებელი კომიტეტი სულ ექვს წევრისგან შედგება. ესენი არიან პრეზიდენტი, აღმსრულებელი კომიტეტის მდივანი, ხაზინადარი, ასოციაციის სასწავლო ტრენინგ – სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, ორგანიზაციებში მომუშავე გეშტალტ-პრაქტიკოსების ხელმძღვანელი ოფიცერი და ეროვნული გეშტალტ-ასოციაციების ხელმძღვანელი ოფიცერი. შიდა რეგულაციებით ისინი თავად ირჩევენ ვინ იქნება ვიცეპრეზიდენტი ამ 6 ადამიანიდან და აღმოჩნდა, რომ ხორვატიაში, აპატიაში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მე ვყოფილიყავი ვიცეპრეზიდენტი. არჩევნებზე მითხრეს, რომ მათთვის მე აღმოვჩნდი საუკეთესო კანდიდატი და შემოთავაზებაზე მხოლოდ ერთი პასუხი უნდა მქონოდა და ეს პასუხი იყო კი, რადგან მათთვის ლოგიკურად მე ვიყავი ის ერთადერთი, ვინც ამ ადგილს დაიკავებდა და სხვა კანდიდატებს ვერც კი განიხილავდნენ… მოკლედ, ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ ვყოფილიყავი ვიცეპრეზიდენტი. მათ თქვეს, რომ მე ისედაც ვიყავი ასოციაციის სახე – აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, მაგრამ ვიცეპრეზიდენტობა უფრო გამიმყარებდა პოზიციებს.
– რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან აღმასრულებელ კომიტეტში ?
პრეზიდენტი გახლავთ პოლონეთიდან, ხაზინადარი გერმანიიდან, ასოციაციის სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე ხორვატიიდან, ორგანიზაციებში მომუშავე გეშტალტ-პრაქტიკოსების ხელმძღვანელი ოფიცერი გერმანიიდანაა, ეროვნული გეშტალტ-ასოციაციების ხელმძღვანელი ოფიცერი ნიდერლანდებიდან და მე კი საქართველოდან. აქვე გეტყვით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მე ვარ პირველი, ვინც აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს.
– რა ვადით ირჩევენ ვიცეპრეზიდენტს?
– ვიცე პრეზიდენტსაც ირჩევენ სამი წლის ვადით, მაქსიმალური არჩევის დროა 9 წელიწადი.
– ვინ იკავებდა ადრე ვიცეპრეზიდენტის ადგილს?
– ადრე იყო უნიჭიერესი გეშტალტთერაპევტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ესპანელი დავით პიკოვილა, მის შემდეგ ადგილი იყო ვაკანტური და დავით პიკოვილას შემდეგ მე მერგო ეს პატივი.
ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი მოლოცვა მივიღე. მახსოვს, ცხელ გულზე facebook-ზე დავწერე, რომ ახლახან აპატიაში ამირჩიეს ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტად-თქო და რამდენიმე წუთში ათასამდე მოწონება მიიღო ამ პოსტმა, უფრო მეტი კომენტარი დაიწერა, მილოცავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი მილოცვა საქართველოდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მივიღე, ისინი მიიჩნევენ, რომ ჩემი სახით მათ გაუჩნდათ „პატრონი“, რადგან სხვაზე უკეთ ვიცი რა ხდება მათ ქვეყნებში, ვიცი ისტორია, წარსული და სპეციფიკა…
ეს ამბავი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარებელია და ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში ეს არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს აღიარება. როგორც იცით მე ქართულად ვაწერ ხელს ყველა სერტიფიკატს და ამ ხელმოწერის შემდეგ აღარავის ეშლება ჯორჯია ქართულია, თუ ამერიკული, ყველამ იცის რომ ეს არის ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი არის ჩვენი ასოციაციის(ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის) აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი და ახლა უკვე ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.
მადლობა იმ ხალხს ვინც თავის დროზე მენდო და აღმასრულებელი კომიტეტის მდივნად და შემდეგ ვიცეპრეზიდენტად ამირჩია. ისინი კმაყოფილები არიან ჩემი წარმატებული საქმიანობით რაც ამ მოკლე ხანში შევძელი. მოხარული ვარ მეც, რომ ჩემი თავი სხვანაირად გამოვცადე, თურმე ბევრი შემძლებია, კიდევ ვიზრდები და კიდევ უფრო მეტს შევძლებ და ვეცდები ვასახელო ჩემი ქვეყანა, ჩემი პროფესიული თემი და დავიხარჯო მის განვითარებაში. გამოწვევებიდან გამომდინარე, შევეცდები კიდევ უფრო მეტად დავხვეწო დღეს არსებული გეშტალტ ფსიქოთერაპეტთა პროფესიული მომზადების ევროპული სასწავლო ტრენინგ – სტანდარტები, რათა გეშტალტთერაპიაში მომუშავე თერაპევტები კიდევ უფრო მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციების, განათლების იყვნენ მთელს მსოფლიოში. მე მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამაში. ამ გზას ვადგავარ, ამას ვაკეთებ და ჩემი არჩევა სწორედ ამის აღიარება იყო მათ მხრიდან.
– იმედი მაქვს მალე პრეზიდენტობასაც მოგილოცავთ…
– ამაზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებ. თუ ამას ჩემი პროფესიული საზოგადოება მოითხოვს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუმცა ამჟამად ძალიან კარგი, მრავალი სიკეთით შემკობილი, ღირსეული, პრეზიდენტი გვყავს – პოლონელი მიხაილ ლავანდოვსკი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მასთან და მთელ აღმასრულებელ კომიტეტთან ერთად ყოფნა და ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მათთან ერთად მართვა. მინდა, რომ პროდუქტიული იყოს ჩვენი მუშაობა და ასეც იქნება, კარგი სტარტი გვაქვს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ჩვენს პროფესიაზე და ადამიანებზე შეყვარებული და საერთო ღირებულებებით და მოტივაციით გაერთიანებული ერთი გუნდი ვართ!
დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფია ვერულაშვილი არის ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში), იგი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი, დანიელ მარტინესი, ჯოელ ბერგმანი, სტივ სიმმსი. მას ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის 25 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა აქვს. სოფია ვერულაშვილი – გეშტალთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურ, წყვილის, ოჯახის და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სოფია უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, ლიეტუვაში, ლატვიაში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ში. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წლის წინ, სოფია ვერულაშვილი კავკასიაში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი გახდა გენშტალტთერაპიაში. შემდეგ ის ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მდივნად აირჩიეს. სულ რამდენიმე თვეში კი ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა