“სოფიამ მითხრა, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხარ, იცოდე ეს გზა ძალიან რთული იქნებაო…” – როგორ იხსენებს ნინო სურგულაძე მსოფლიო ვარსკვლავთან, სოფი ლორენთან შეხვედრას – Marao
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე მისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, გადაღებები, კონცერტები, ფესტივალები, გამარჯვება ბარსელონაში და ლა სკალა, რასაც წარმატების გრძელი და საინტერესო გზა მოჰყვა. მისი საქმიანობის გარდა, ნინო ოჯახზე,- ტყუპის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, მშობლებსა და იმ საქველმოქმედო ფონდზე გვიამბობს, რომლის კონცერტებზეც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია, მათ შორის სოფი ლორენი და მისი ვაჟი.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში “კვირის პალიტრა”.
– მინდოდა ჩემს წარმატებას სხვებისთვისაც მოეტანა სიკეთე და 2014 წელს, როდესაც საქველმოქმედო ფონდი ჩამოვაყალიბე, ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ამაში ჩემი სანაცნობო და სამეგობრო წრეც ჩავრთე, საქველმოქმედო კონცერტზე ბევრი მეგობარი ჩამოვიდა იტალიიდან და კოლეგებთან, მოქალაქეებთან, კეთილ ადამიანებთან ერთად 200-ზე მეტი ბავშვის გადარჩენა და ოჯახების დახმარება შევძელით. ვამაყობ, რომ ჩვენს საქველმოქმედო საღამოზე ერთ-ერთი საპატიო სტუმარი სოფია ლორენი იყო. ეციო ბოსო მძიმედ იყო მაშინ და მაინც ჩამოვიდა ფონდისთვის. ძალიან ემოციური კონცერტი გამოვიდა.
სოფის ვაჟი, კარლო პონტი, ძალიან კარგი ადამიანია, მან უდირიჟორა ჩემი ფონდის სპექტაკლს, ერთობლივი კონცერტიც გავმართეთ. შემდგომ, ერთ-ერთი ჩამოსვლისას, მითხრა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგ ადამიანს ვხვდებიო. მე და კარლომ ერთმანეთი ერთ ფესტივალზე გავიცანით, მრავალი წლის წინ, სადაც ის კონცერტს დირიჟორობდა, მაშინ დედაც ახლდა. ქალბატონი სოფია რომ გამაცნო, ჩემზე უთხრა, ნინო ძალიან სერიოზული ადამიანიაო.
სოფიამაც ძალიან თბილად მიმიღო და შემაქო,- ლამაზი ხარ, ნიჭიერი და იცოდე, ძალიან რთული გზა იქნებაო. ეს ფრაზა დღემდე მახსოვს. ალბათ, თავისი გამოცდილებით ამბობდა…