“სოფელ ზოდის გადასარჩენად” – აქცია “ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოდში საპროტესტო აქცია მიმდინაროებს. ადგილობრივები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებას. მათი თქმით, კომპანიის მიერ დაგეგმილი სამუშაოები დააზიანებს გარემოს და სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი იქნება.
ზოდელების აქციას შეუერთდა მოძრაობა “რინის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანიც.
სოფლის ცენტრში მიმდინარე აქციის შემდეგ, მონაწილეები გადაინაცვლებენ “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავს დაესხნენ მოძრაობა “სოფელ ზოდის გადარჩენისთვის” ორი წევრს, ნიკო გაფრინდაშვილსა და კოტე აბდუშელაშვილს. გაფრიდაშვილს ტვინის შერყევა აქვს, აბდუშელაშვილს კი დაზიანებები თავისა და კიდურების არეში. ორივე მათგანი თავდასხმებს მათ აქტივიზმს უკავშირებს და ფიქრობენ, რომ ამ ფორმით მათი დაშინება უნდათ.
“შენ მიწას იცავ. წარმოიდგინეთ, მამა აქ გვყავს დასაფლავებული, ბაბუები, ბებიები. იქ დაბადებული ხარ, სახლი იქ გაქვს, ბავშვობის ემოციური კავშირი გაქვს ადგილთან … ამბობ, რომ ნუ მანგრევ, ნუ მანადგურებ და კიდევ გცემენ. არ მესმის რა ფენომენია, იცავდე შენს მიწას, სადაც გინდა, რომ გქონდეს ჯანსაღი გარემო [და ისევ შენ გესხმოდნენ თავს]. გარემოს დაცვითი საკითხი, პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურთან – თუ არ გექნება საცხოვრისი, რას აქვს საერთოდ მნიშვნელობა?!”, – ამბობს კოტე აბდუშელაშვილი.
სოფელ ზოდის მოსახლეობა უკვე ორი წელია ცდილობს საკუთარი ხმა გააგონოს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე სახელმწიფო უწყებებისა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს. მათ შორის, შეადროვეს ხელმოწერები მანგანუმის მოპოვების ლიზენზიის გაუქმების მოთხოვნით.
ზოდელებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბალდელებმაც. მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდაში აქცია გუშინ, 29 ივლისს გაიმართა. მოძრაობა “ბალდის კანიონის გადასარჩენად” გასული წლის შემოდგომიდან აპროტესტებს სოფლის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას.