სოფელ გეგუთის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით პირველად ისარგებლებს – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს – ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„სამუშაოებს ადგილზე გაეცნო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი, სატუმბო სადგური, წყალმომარაგების ქსელი – 71კმ, აღრიცხვის კვანძები, საქლორატორო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს ჭაბურღილს. სამშენებლო სამუშაოების 86% დასრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია.
სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა, მოსახლეობის უმრავლესობა თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 000 – მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით კვინიკაძემ და წყალტუბოს მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.