ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა სახელმწიფოსგან იმ მიწებისთვის კომპენსაციას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, ისტორიულად ადგილობრივებს ეკუთვნით, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ინვესტორს გადაეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივების თქმით, საუბარია 200-მდე ოჯახზე, რომლებიც ერთი მხრივ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი ინვესტორს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს მიმართავენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
პროტესტში მონაწილეების უფლებადამცველის განცხადებით, ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინვესტორს 2025 წლამდე უნდა განეხორციელებინა 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც არ შესრულდა.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ათამდე გვარის წარმომადგენლები, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობა მიმართავს ინვესტორს
– ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, რომელმაც სახელმწიფოსგან, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს, იყიდა არამარტო სოფელ ბობოყვათის მიწები, არამედ 21 უძრავი შენობა-ნაგებობა აჭარის სანაპიროზე.
მოსახლეობა სოფელ ბობოყვათის ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან ისტორიულად მათი წინაპრების იყო, სახელმწიფომ კი მოსახლეობის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
თავიდან ინვესტორმა დიალოგის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მერე რატომღაც დიალოგი არ შედგა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ საპროტესტო აქციების ფორმით დაიწყო საკუთარი მოთხოვნების გახმაურება. ინვესტორმა განაცხადა, რომ კეთილსინდისიერად აქვს შეძენილი და მოსახლეობას თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
მოსახლეობა დაინტერესდა, რა პირობებითა და ვალდებულებებით შეიძინა ინვესტორმა აღნიშნული ფართი და არამარტო ეს. მოსახლეობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე რაზეც, უარი უთხრეს.
სულ ახლახან, როდესაც გიორგი რამიშვილი დააკავეს, აღნიშნულმა სამინისტრომ ოპერატიულად გადმოგვცა ყველა ის შეთანხმება და ხელშეკრულება, რომელიც მას 2006 წლიდან აქვს დადებული.
დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ აღებული ვალდებულებები არ აქვს შესრულებული, სახელმწიფოს ინვესტორისთვის კი რაიმე სანქციები არ დაუწესებია და არც გაფრთხილებები არ გაუკეთებია, მონიტორინგიც კი არ ხორციელდებოდა.
სამინისტროდან გამოთხოვილ დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ სოფელ ბობოყვათის მიწებთან დაკავშირებით 2025 წლამდე უნდა განეხორციელებინა 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
ახლა პროტესტი მიმართულია მთავრობისკენ, მთავრობა უფლებამოსილი ორგანოა, ამ ვალდებულების და შეთანხმებების გადახედვა მოახდინოს, ვალდებულებებში ჩაწეროს მოთხოვნა, მოსახლეობის კომპენსირება მოხდე,- ეს იქნება თანხა თუ ბინა, ეს ინვესტორის და მოსახლეობის შეთანხმებაა. საუბარია ათი გვარის 200 -ზე მეტ ოჯახზე“, – აცხადებს პროტესტში მონაწილეების უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
