“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რადიო “თავისუფლების” ინფორმაციაზე, რომელიც შესაძლო დასანქცირებას ეხება, პირველ კომენტარს აკეთებს. BMG-ისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში, ბიზნესმენი ხუთ პუნქტად წერს, რატომ იქნება მისი სანქცირება არაობიექტური.
სოსო ფხაკაძის კომენტარს BMG უცვლელად გთავაზობთ:
“პირველი, ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში.
მეორე, პირველივე დღიდან, ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან.
მესამე, არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით და ესეც ყველამ იცის.
მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა.
მეხუთე, 1998 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჩემი 2 ალმა-მატერი.
ასევე, ამა წლის 29 იანვრიდან რამდენიმე კვირით ვიქნები ბოსტონში, ჩემს ყოფილ უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან გავდივარ ახალ სასწავლო პროგრამას. ამას გარდა, წლების მანძილზე ვმუშაობდით ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოვადგენთ სამ, ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს (ვენდისი, დანკინი და საბვეი).
როგორც აღვნიშნე, ამ ყველაფრის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო, ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველამ იცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში”, – ნათქვამია სოსო ფხაკაძის წერილობით პასუხში.