ქართველი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციო-კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, თამთა თათარაშვილი სადოტქტორო დისერტაციის ფარგლებში სომხეთის ერთ-ერთ სოფელში იკვლევს „ხოპანის“ სახელით ცნობილ სეზონურ შრომით მიგრაციას. მისი კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად კულტურული სიახლოვისა, სომხეთსა და საქართველოს შორის პატრიარქალური წესრიგი განსხვავებულად მოქმედებს: სომხეთში შრომით მიგრაციაში უმეტესად კაცები მიდიან, ქალები კი სოფლებში რჩებიან. ამ პროცესმა არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ ოჯახური ურთიერთობებიც შეცვალა – ქმრების ხანგრძლივი არყოფნა ქალებს მეტ თავისუფლებას და ავტონომიურობას აძლევს, თუმცა ამავდროულად ტვირთსაც აკისრებს.
თქვენი კვლევა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ სოფელში „ხოპანის“ პრაქტიკის გენდერულ განზომილებებს შეეხება, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში სომხეთი მართლაც უნიკალურია. მაგალითად, საქართველოსგან განსხვავებით, შრომით ემიგრაციაში ძირითადად კაცები მიდიან და არა ქალები. რატომ მოხდა ასე? ისტორიულად რა უდევს ამას საფუძვლად? და რამდენად მასშტაბურია ეს პრაქტიკა სომხეთისთვის?
სომხეთის რესპუბლიკა შედგება რამდენიმე რეგიონისგან, რომელთაგან ზოგი განსაკუთრებით მაღალი შრომითი მიგრაციის მაჩვენებლით გამოირჩევა. მაგალითად, სევანის ტბის გარშემო მდებარე გეღარქუნიკის რეგიონი. მე ვიკვლევ სწორედ ამ რეგიონის ერთ სოფელს, რომელიც უნიკალური შემთხვევაა.
ზოგადად, ის ფაქტი, რომ შრომით მიგრაციაში სომხეთიდან უფრო მეტად კაცები მიდიან, ჩემთვის იქცა ინდიკატორად იმისა, რომ სომხეთში პატრიარქალური კულტურა საქართველოსგან განსხვავებით სხვანაირად მუშაობს. თითქოს, ცხადი გახდა, რომ ისეთ კულტურულად და გეოგრაფიულად ახლო ქვეყნებშიც კი, როგორიცაა სომხეთი და საქართველო, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანან და მსგავს გამოცდილებებს იზიარებენ, პატრიარქალური კულტურა სხვანაირად მუშაობს.
როდესაც შრომითი მიგრაციის გენდერულ განზომილებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პატრიარქალური კულტურა თავისთავად არ არსებობს – ამ კულტურას ქმნის სხვადასხვა პრაქტიკები. სომხეთში მიგრაციული პრაქტიკა ქმნის განსხვავებულ გამოცდილებას ქართული რეალობისგან. მკვლევრები ამბობენ კიდეც, რომ მიგრაცია სომხური იდენტობის ნაწილიც კი გახდა. ეს დიდი გადასახლებების, ხშირად ტრაგიკული მოვლენების (მაგალითად გენოციდის) შედეგია, რასაც მოჰყვა სომეხთა მასობრივი გადაადგილება სხვადასხვა ტერიტორიაზე. მიგრაციის მკვლევრების აზრით, XX საუკუნეში რამდენიმე მოვლენამ განაპირობა ის, რომ სომხეთის ცხოვრებაში სეზონურმა შრომითმა მიგრაციამ უზარმაზარი ადგილი დაიკავა და ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ერთ-ერთი მთავარი გადარჩენის სტრატეგიაც იყო მძიმე პერიოდებში.
სიტყვა „ხოპანი“ პირველადი მნიშვნელობით „დაუმუშავებელ, ყამირ მიწას“ ნიშნავს. ამ სიტყვის დაკავშირება მიგრაციასთან პირველად მოხდა საბჭოთა კავშირის დროს – 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანების დასაწყისში, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით დაიწყო კამპანია შუა აზიის ყამირ მიწების დამუშავების შესახებ, სადაც სხვადასხვა რესპუბლიკის მოქალაქეებს რთავდნენ. შესაძლოა, ამას ნახევრად იძულებითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა მიგრაციული პროცესები მანამდეც არსებობდა სომხეთში.
მკვლევრების თქმით, 1980-იანი წლების დამანგრეველმა მიწისძვრებმა სპიტაკსა და გიუმრიში, ეთნიკური კონფლიქტების დაწყებამაც ხელი შეუწყო მასობრივ გადასახლებებს (მაგალითად, ბაქოდან, სუმგაითიდან) და შრომით მიგრაციას. 1990-იან წლებში კი ადამიანების დიდი რაოდენობა სხვა ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად წავიდა.
2000 წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიგრანტთა 75–80% კაცებია, ხოლო ქალები უფრო ხშირად ქმრებს მიჰყვებიან. სწორედ ამიტომ ხვდებიან ქალები მიგრაციულ სტატისტიკაშიც, როგორც ოჯახის წევრები, რომლებიც ქმარს ახლავს.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სეზონური მიგრაცია – როდესაც არა მთელი ოჯახი მიდის სამუდამოდ (რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა), არამედ მხოლოდ მამაკაცები მიემგზავრებიან გვიან ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე რუსეთში და ადრიან შემოდგომაზე ბრუნდებიან სახლში, სადაც ცივ სეზონებს ატარებენ. მსგავს პრაქტიკას ვხედავთ საქართველოშიც, მაგალითად ჯავახეთში.
საინტერესო აქ ისიც, რომ ბავშვების ჩასახვაც “ხოპანის” პრაქტიკასთანაა დაკავშირებული. დაუწერელი წესია, რომ სანამ მამაკაცები დაიწყებენ “ხოპანს”, ქორწინება მშობლიურ სოფელში ან ქალაქში უნდა მოასწრონ. თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, როცა რუსეთში მიდიან, ახალშერთული ცოლები ხშირად რჩებიან ორსულად, რის შედეგადაც ბავშვები ერთსა და იმავე პერიოდში იბადებიან. ქორწილების სეზონიც სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა.
თქვენს დაკვირვებებში ჩანს, რომ მიგრაცია კაცებისთვის „ნორმაა“. როგორ ცვლის ეს ოჯახურ და თემურ ურთიერთობებს ქალებისთვის?
ჩემი დაკვირვებით, არ შეიძლება მხოლოდ პატრიარქალურ კულტურას მივაწეროთ ის, რომ შრომით მიგრაციაში კაცები მიდიან. სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. მაგალითად, დისერტაციაზე მუშაობისას მივიღე შენიშვნა, რომ საქართველოში, სანამ რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო, შრომით მიგრანტებში ანალოგიური სურათი იყო – ძირითადად მამაკაცები მიდიოდნენ სამშენებლო და გზის დაგების სამუშაოებზე. სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ (2005 წლის დიდი გამოსახლება) ეს სურათი შეიცვალა: რუსული შრომითი ბაზრის დახურვამ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის მეტი შესაძლებლობა შექმნა დასავლურ და თურქულ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა ზრუნვისა და საშინაო შრომაზე უფრო მაღალი იყო. ასე ქალები გახდნენ ოჯახების შემომტანები საქართველოში.
სომხეთში ეს ფაქტორი არ ამუშავებულა – რუსეთთან მიმოსვლა დღემდე გამარტივებულია, ენის ფაქტორიც მათ სასარგებლოდაა. სწორედ ეს განსაზღვრავს გენდერულ სურათს, სადაც მამაკაცები მეტნი არიან მიგრანტებში.
ქალები, რომლებიც მარტო რჩებიან სოფელში, როგორ უმკლავდებიან ყოველდღიურ ყოფას?
როგორც გითხრათ, ჩემი კვლევის ველი შეზღუდულია – ერთი კონკრეტული სოფელია, რომელიც ისტორიულად ღარიბი იყო (მკაცრი კლიმატი, არასაკმარისი საკვები), მაგრამ სეზონური მიგრაციის შედეგად გამდიდრდა.
სოფელი თითქოს ცარიელია, როცა ჩადიხარ, გარე საჯარო სივრცეები ცოტაა, ადამიანთა მიმოსვლაც ნაკლებია. ქალები ჯგუფურად გადაადგილდებიან, ხშირად მანქანებით.
მიგრაციამ სიმდიდრე და კაპიტალი მოიტანა. სახლები 3-4-სართულიანი, მაღალი გალავნებით, ახალი რემონტითა და ტექნიკით, თუმცა, ზოგჯერ დაცარიელებული, რადგან ოჯახის ყველა წევრი რუსეთშია. ეს სიმდიდრე თითქოს ქალებისთვის ჯილდოა.
თუმცა, დარჩენილი ქალები შეფარულად კმაყოფილებიც ჩანან. მათთვის ქმრების არყოფნა ნიშნავს მეტ თავისუფლებას, ნაკლებ კონტროლს. ისინი არ ამჯობინებენ რუსეთში ცხოვრებას – ენის არ ცოდნა და გარემოსთან ნაკლები კომუნიკაცია მათთვის პრობლემაა. ამიტომ ურჩევნიათ დარჩნენ დიდ სახლში,ს ახლის ფაქტორმა თითქოს უფრო მიაჯაჭვა ქალები სოფელს.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე რეგიონი ღარიბი იყო, მაგრამ არსებობდა მრეწველობა – ქალები მუშაობდნენ და მეტი მობილობაც იყო. ახლა მდიდრული რკინის ჭიშკრებით კიდევ უფრო ჩაიკეტა ეს სივრცე.
ამ სოფელში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახების შექმნის საკითხი, რომ “ხოპანის” ციკლური პროცესი გაგრძელდეს. აქ რეპროდუქციული პრაქტიკა პირდაპირ გადაჯაჭვულია “ხოპანთან”. ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდეგ იშვიათად რჩებიან სოფელში ან სწავლას აგრძელებენ – ისინი მიდიან სამშენებლო სამუშაოზე რუსეთში, მამების და პაპების გზის გაგრძელებით. ცოტა ხანში დგება მათი ქორწინების დროც. სასიძოს დედა აქტიურადაა ჩართული საცოლის შერჩევაში. სინამდვილეში ეს ახალგაზრდა ქალი თითქოს მიჰყვება ქმარს, მაგრამ ცხოვრების დიდ ნაწილს დედამთილთან ატარებს. სწორედ ამიტომ ქალი თავად ირჩევს იმ რძალს, ვინც მისთვისაა მისაღები.
ამაში ვხედავ გარკვეულ „ქალურ კულტურას“ – ერთმანეთთან სოლიდარობის და თანაცხოვრების ნიშნებს. ქალებში არის გამოუთქმელი კმაყოფილებაც — მოსწონთ, რომ ქმრებს არ მიჰყვებიან რუსეთში და სახლში რჩებიან, აქვთ ავტონომიურობის ჩანასახი. დედამთილები ამ მემკვიდრეობას თითქოს რძლებს გადასცემენ, და ოჯახის კეთილდღეობა ამ ქალების ურთიერთობაზე დგას.
რუსეთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა შრომითი მიგრაციისთვის სომეხი კაცებისთვის. რას ნიშნავს ეს ცალკეული ოჯახებისთვის და სომხეთისთვის ზოგადად? ადგილობრივი მოსახლეობის პრორუსულ განწყობებზე ეს როგორ აისახება?
სომხეთში ისტორიულად ძალიან გამჯდარია პრორუსული განწყობები. ჩვენთვის თუ რუსეთი დამპყრობელი და ოკუპანტია, სომხეთში ეს ნარატივი პირიქით მუშობდა – რუსეთი „გამათავისუფლებლად“ აღიქმებოდა. კი, წინააღმდეგობა და კრიტიკა ყოველთვის არსებობდა, განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტებში ერევანში, მაგრამ პოპულარული ნარატივი არ ყოფილა ანტირუსული. ეს ნარატივი შეირყა ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, როცა მოსალოდნელი დახმარება ვერ მიიღეს. პირიქით, რუსეთი იმ დროს თანამშრომლობდა კიდეც აზერბაიჯანთან.
თუმცა, “ხოპანის” პრაქტიკა იმდენად ფესვგადგმულია, რომ ეს განწყობები მაინც ღრმადაა გამჯდარი. მთელი მომავალი ციკლურად ამ შემოსავალზე და საქმიანობაზეა დაფუძნებული. სომხეთში გამოგზავნილი თანხების 70%-მდე სწორედ რუსეთიდან შემოდის – ეს რაც ოფიციალური მონაცემია
უკრაინის ომის შემდეგ, როცა რუბლის კურსი დაეცა და სამუშაო ადგილებიც შემცირდა, ადამიანებში წუხილი და დარდი გაჩნდა. თუმცა ალტერნატიული გზების ძიებაზე საუბარი არ ყოფილა. ჯერჯერობით, ბევრი რამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც იქნება დამოკიდებული.
