13 მაისს ერევანში, სომხური კონიაკის მწარმოებლებმა, ექსპორტიორებმა და გადამზიდავებმა საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სომხური კონიაკის ტრანზიტის შეფერხებას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მათი თქმით, გამოწვეულია საქართველოს საბაჟო პროცედურების გამკაცრებით.
სომხური მედიის ცნობით, სომხური ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ექსპორტზე გადის რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებში, საქართველოს ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროით იჩერება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათი პროდუქცია საქართველოში არ იყიდება და მხოლოდ ტრანზიტულად გადის, ამიტომ ასეთი მკაცრი შემოწმებები მათთვის გაუგებარია.
„პროშიანის კონიაკის ქარხნის“ წარმომადგენლის თქმით, მათი სატვირთოები საქართველოს საბაჟოზე შეაჩერეს, აიღეს ნიმუშები და განუცხადეს, რომ მომავალში ყველა პარტია ლაბორატორიულ შემოწმებას დაექვემდებარება.
ექსპორტიორები აცხადებენ, რომ შეფერხებები იწვევს ფინანსურ ზარალს და საფრთხეს უქმნის მათ ბიზნეს ურთიერთობებს უცხოელ პარტნიორებთან.
შესაბამისად, აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს და სომხეთის მთავრობისგან აქტიურ ჩარევას პრობლემის მოსაგვარებლად.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, ერევანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს აქციის მონაწილეებთან და დაპირდნენ, რომ თბილისიდან ოფიციალურ პასუხს უახლოეს დღეებში გადასცემენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ისინი გააგრძელებენ პროტესტს.
