სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით. საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მირზოიანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია სომხეთ-საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირები.
„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი სიამოვნებით ვიმყოფები თბილისში. რა თქმა უნდა, ეს წელი ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩევა და ჩვენ მაღალი დონის აქტიური კონტაქტები შევინარჩუნეთ პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. წლის დასაწყისში თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მეცამეტე სხდომა, ხოლო მარტში სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩამოვიდა. ასევე, აქტიური იყო საპარლამენტთაშორისო კავშირები, რასაც თავისი წვლილი აქვს საერთო სურათსა და განვითარებაში. სომხეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა ელემენტებით არის შევსებული, რაც ძალიან კარგია და დინამიკა ჩნდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. სომხეთის და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, განათლებით და კულტურით დაწყებული და ტურიზმით და ხალხთა შორის კონტაქტებით დამთავრებული. ურთიერთვაჭრობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესსა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას“, – განაცხადა მირზოიანმა.