2025 წლის 1 სექტემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეუთოს მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის შესახებ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.
გადაწყვეტილება ეფუძნება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ მიმართვას მოქმედი თავმჯდომარის სახელზე, რომელიც ვაშინგტონში 2025 წლის 8 აგვისტოს გამართული აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ფარგლებში მომზადდა.
ეუთოს ფარგლებში შექმნილი მინსკის ჯგუფი, 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩამოყალიბდა. მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდნენ რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, სამმხრივი სამიტის ფარგლებში აშშ-ის მონაწილეობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს მიმართვას ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
ეუთოს სამდივნოს დაევალა, არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა, დაასრულოს აღნიშნული სტრუქტურების დახურვიდან გამომდინარე ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხები.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ადრე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ყოფილ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს, ძალას კარგავს და აღარ ექნება გამოყენების უფლება.
“ამრიგად, ამ ინსტიტუტების დახურვა ფორმალურად გაფორმდა და ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ აღიარა, რომ ეს სტრუქტურები, რომლებიც ოდესღაც შეიქმნა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოსაგვარებელად, ახალი პირობების ფონზე, მისი მოგვარების შემდეგ, აღარ არის აქტუალური”.
