სომხეთში 500 მილიონი დოლარის ღირებულების AI ცენტრი აშენდება – ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა Firebird -ისა და NVIDIA-ს ერთობლივ პროექტს იწყებს – შეიქმნება ს მონაცემთა გადამამუშავებელი მსხვილი ცენტრი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 12 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნუ პროექტს “Stargate Armenia-ს” უწოდა – ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტექნოლოგიების სფეროში.
ფაშინიანის თქმით, იდეა 2023 წელს, Jensen Huang-ის (NVIDIA-ს ხელმძღვანელის) ვიზიტისას გაჩნდა და დღეს ის რეალიზაციის ფაზაშია. პროექტს განახორციელებს კომპანია Firebird AI, რომელიც აწარმოებს Blackwell-ის სერიის გრაფიკულ პროცესორებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ინოვაციური საწარმო მთელ სომხეთში ტექნოლოგიურ წინსვლას შეუწყობს ხელს.
Firebird AI და NVIDIA-მ გუშინ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ სომხეთში აშენდება ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა გადამამუშავებელი ცენტრი. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პროგრამის განხორციელება დაგეგმილია აკადემიური ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც, მისი თქმით, შესაბამისი შესაძლებლობები არსებობს. მან ასევე დაამატა, რომ სომხეთს შეუძლია უზრუნველყოს პროექტისთვის საჭირო ენერგიის მიწოდება.
ფაშინიანმა აქვე მადლობა გადაუხადა სომხურ დიასპორას პროექტში მხარდაჭერისთვის: „როდესაც ვსაუბრობთ სომხეთი-დიასპორის ურთიერთობების ფორმულებზე, სწორედ ასეთ ინიციატივებს ვგულისხმობთ,“ – განაცხადა მან.
სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა მხითარ აირაპეტიანმაც დაადასტურა, რომ სომხეთი მზადაა საჭირო ენერგო სიმძლავრეების უზრუნველსაყოფად. მისი ინფორმაციით, პროგრამის დაწყება 2026 წელს იგეგმება და მისი განსახორციელებლად 100 მეგავატამდე ელექტროენერგიის მოხმარებაა საჭირო.
„საუბარია ახალი თაობის გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებიც Firebird-მა NVIDIA-სგან უნდა შეიძინოს. ეს პროცესორები აღჭურვილია უახლესი ჩიპებით და შეძლებენ AI-ის გამოთვლითი რესურსების სერვისების შეთავაზებას როგორც სომხეთში, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებზე”.
მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში მეცნიერებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ იქირაონ ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი რესურსები თავიანთი კვლევებისთვის.
„ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის – სომხეთის მონაწილეობა შეიძლება გამოიხატოს ტერიტორიის გამოყოფით ან ენერგიის მიწოდებით შეღავათიან პირობებში. ამ საკითხებზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს,“ – განაცხადა აირაპეტიანმა.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება ახალი AI სერვისებით სარგებლობის შესახებ, რაც პროგრამის რეალიზაციის რეალისტურ პერსპექტივას აძლიერებს.