სომხეთში საქართველოს მოქალაქე, გიორგი კინოიანი დააკავეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. რადიო თავისუფლების ცნობით, რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავების შესახებ სომხეთში საქართველოს საელჩოს კინოიანის ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან საელჩოს დღემდე არ მიუღია.
“აღნიშნულ საკითხზე საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს” – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
რადიო თავისუფლების ცნობით, ამჟამად კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.
დაკავებულის ძმა, ვაკო კინოიანი გამოცემას უყვება, რომ გიორგი 3 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთისას დააკავეს და 5 სექტემბერს სასამართლომ მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავების შესახებ რუსულ მხარეს უკვე აცნობეს.
“ექსტრადიციის შემთხვევაში, ყველამ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, არაადამიანური მოპყრობის რისკია. მე პირადად უფრო ცუდ ფიქრებში ვარ… საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას.
ამ შემთხვევაში ერთადერთი, რაც დამრჩენია, არის ის, რომ საქართველოს იმედი მქონდეს, რომ გამოითხოვოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და შეძლოს მისი ისე დაბრუნება, რომ ეს ამბავი პატარა ისტორიად დარჩეს” – უთხრა დაკავებულის ძმამ რადიო თავისუფლებას.