სომხეთში მღვდელმთავარს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს „გადატრიალების“ საქმეზე

დღეს, 28 ივნისს, სომხეთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს, რომლის დასაკავებადაც გუშინ ეჯმიაწინში სპეცოპერაცია ჩატარდა.
აჯაპაჰიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე მასის მელკონიანმა გამოიტანა.
ბრალდებულის ადვოკატი არა ზოჰრაბიანი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. იგი სასულიერო პირის დაკავებას „აშკარად უკანონოს“ უწოდებს.
27 ივნისს, სუსი და პოლიცია სპეცოპერაციას ქალაქ ეჯმიაწინში, საპატრიარქოს ტერიტორიაზე ატარებდა – სწორედ იქ თავს აფარებდა თავს არქიეპისკოპოსი აჯაპაჰიანი. მანამდე, მისი – შირაკის ეპარქია [გიუმრიში] გაჩხრიკეს.
წუხელ გვიან საღამოს გაირკვა, რომ არქიეპისკოპოსი დააკავეს.
მანამდე, ის რამდენიმე საათის განმავლობაში – საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, არქიეპისკოპოსი იქ თავად მივიდა; მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს ტერიტორიაზე, ხალხის წინააღმდეგობის გამო, ის ვერ დააკავეს.
სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორიზმისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მასშტაბური მცდელობა აღკვეთა.
საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე ერთი თვეა გრძელდება – ამ პერიოდში ს ფეისბუკპოსტების დიდი ნაწილი [ათობით პოსტი] სწორედ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ის პატრიარქსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სიბილწესა და უქორწინობის აღთქმის დარღვევაში სდებს ბრალს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე [26 ივნისის მდგომარეობით] – ბრალი წაუყენეს 16 ადამიანს, აქედან დაკავებულია – 14. ამ სტატისტიკაში არ შედის არქიეპისკოპოსი აჯაპაჰიანი.
· 25 ივნისს სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები – 14 ადამიანი.
· საგამოძიებო კომიტეტის მასალების თანახმად, ეს ჯგუფი გეგმავდა „სამოქალაქო პირების“ მკვლელობას და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის პარალიზებას.
· 2024 წელს, გალსტანიანი სომხეთში მასშტაბურ პროტესტს ედგა სათავეში, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც უერთდებოდნენ. თუმცა ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე