სომხეთში მეწარმეებს მოუწოდეს, საქართველოში სატვირთო მანქანებით არ შევიდნენ

სომხეთის საბაჟო სამსახური აცხადებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შექმნილი სიტუაციისა და რიგების გამო, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სომხური სატვირთოების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ მიზნით, რომ არ გამწვავდეს არსებული ვითარება და თავიდან იყოს აცილებული დამატებითი შეფერხებები ტრანზიტში.
რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა, რომელთაც სომხეთიდან რუსეთში კონიაკი ექსპორტზე გააქვს, კვლავ რჩება საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. გასულ კვირას სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ 50 დღის განმავლობაში საქართველოს გამშვებ პუნქტზე გაჩერებულ სატვირთოს, რომლებიც სომხურ კონიაკს ეზიდებოდნენ, მიეცათ ნებართვა, გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი და შევიდნენ ს ტერიტორიაზე. ამასთან, 72 სატვირთო კვლავ რჩება საქართველოში. სომხური კონიაკის მწარმოებლები რეგულარულად ატარებენ საპროტესტო აქციებს იმ დაბრკოლებების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის სომხური საქონლის საქართველოს ტერიტორიის გავლით ექსპორტს. მათი თქმით, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებში გასატანი კონიაკი ექვემდებარება სპონტანურ ლაბორატორიულ შემოწმებებს, რაც იწვევს სერიოზულ დაგვიანებებსა და ფინანსურ დანაკარგებს.
„ეს დროებითი ზომაა და მიღებულია მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინებით — ის ძალაში დარჩება მანამ, სანამ არ დარეგულირდება გამტარიანობის საკითხი საქართველოს მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის შემოსავლების კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მოქმედებს მხოლოდ არსებული რეალობიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს იმ გადამზიდავების დაცვას, რომლებსაც სურთ საზღვრის გადაკვეთა.
კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაგროვებული ტვირთების პრობლემა მალე მოგვარდება, რის შემდეგაც სომხური სატვირთოები შეუფერხებლად გადაკვეთენ საზღვარს.