სომხეთში მარსზე ფრენებისთვის საჭირო სკაფანდრებისა და რობოტების გამოცდა დაიწყეს – Bild (ფოტოები)

გერმანიის ვიურცბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სომხეთში, სოფელ არმაშის მახლობლად, მარსზე მოგზაურობისთვის, რობოტებისა და კოსმოსური კოსტიუმების ტესტირება დაიწყეს. ამის შესახებ Bild იუწყება.
გერმანელი მეცნიერების აზრით, სომხეთის რელიეფი ყველაზე მეტად წააგავს მარსისას, ამიტომ ცდების ჩატარებისთვისაც სწორედ სომხეთი შეირჩა. 2 ქალი და 4 მამაკაცი, აბსოლუტურ იზოლაციაში, რობოტებს გაუშვებენ და ახალ კოსმოსურ კოსტიუმებს გამოცდიან. კოსმოსური კოსტიუმები მარსის ამინდისთვისაა განკუთვნილი, სადაც ტემპერატურა მინუს 133-დან პლუს 27 გრადუსამდე მერყეობს.
ტესტირებაში ჩართული მკვლევრები მუდმივ კონტაქტში არიან საკონტროლო სადგურთან, რომელიც ავსტრიის კოსმოსური ფორუმის (OeWF) და სომხეთის კოსმოსური სააგენტოს მონაწილეობით შეიქმნა.
მკვლევართა ჯგუფი სომხეთში აპრილის დასაწყისამდე იმუშავებს, იუწყება Süddeutsche Zeitung. პროექტში 26 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. 6 ასტრონავტი შეამოწმებს აღჭურვილობას მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოსაჩენად, ასევე გამოცდის რობოტებს სომხეთში, რომლებიც შექმნიან რეგიონის 3D რუკას, აიღებენ ნიადაგის ნიმუშებს და გადაიტანს მძიმე ტვირთს.
„ანალოგური ასტრონავტების” მისიის მეთაურმა, ანიკა მეჰლისმა News.am Tech-ს განუცხადა, რომ კოსმოსური კოსტიუმი თითქმის 50 კგ-ს იწონის. „ბევრი ვივარჯიშეთ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ და ამ კოსტიუმებით ვიმუშაოთ“, – აღნიშნა მან. ასეთი კოსმოსური კოსტიუმის ჩაცმას და საჭირო აღჭურვილობის დაკავშირებას დაახლოებით ორი-სამი საათი სჭირდება.