დღეს დილიდან სომხეთის პოლიციამ გადაკეტა ტავუშის პროვინციის ქალაქ იჯევანიდან სოფელ კირანცისკენ მიმავალი გზა და 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამ რაიონში აპრილიდან გრძელდება მღელვარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის გამო. პროცესის დასრულების შემდეგ ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება რამდენიმე სოფელი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა.
შსს-მ კირანცში შესვლა აუკრძალა ჟურნალისტებსაც. პოლიციის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კორესპონდენტს უთხრა, რომ კირანცში სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს და გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ორი ქვეყნის ექსპერტებმა უსაფრთხოდ შეძლონ კოორდინატების დაზუსტება. შსს-ს თანახმად, დააკავეს 31 პირი, რომლებიც დანაღმული ტერიტორიის გადაკეტვას ცდილობდნენ და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირაა, დაკეტილია კირანციდან საქართველოსკენ მიმავალი საავტომობილო გზაც.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2024 წლის აპრილში განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე. სომხეთის ტავუშის რაიონის რამდენიმე სოფელი ისევ აზერბაიჯანის გახდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის იყო. შეთანხმებას მიესალმნენ ევროკავშირი და აშშ.
1 მაისს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს.
· 2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
· ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.
ფორუმი