სომხეთში აზერბაიჯანული ბენზინი არსებულ საბაზრო ფასებზე იაფად გაიყიდება

აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩატანილი აზერბაიჯანული ბენზინი სომხეთში საბაზროზე ფასზე იაფად გაიყიდება, – იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანია Mega Trade-ის დირექტორი კარენ კაირიანი აცხადებს, რომ ერთი ლიტრი მაღალი ოქტანის ( 95) პრემიუმ-ბრენდის ბენზინი გაიყიდება 440 დრამად [3,1 ლარად).
„ეს მნიშვნელოვნად იაფია, რადგან პრემიუმ ხარისხის ბენზინის ფასი ამჟამად ბაზარზე არის 520 დრამი [3,66 ლარი]“, – ამბობს ის.
· Mega Trade-ი ერთ-ერთია იმ ორ კომპანიას შორის, რომელთაც აზერბაიჯანული ბენზინი შეისყიდეს.
· ეს არის კომპანია Sil Capital-ის შვილობილი ფირმა.
· Sil Capital-ი, თავის მხრივ, სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატის, ხაჩატური სუკიასიანის ოჯახის საკუთრებაა.
კომპანიამ 600 ტონა ბენზინი შეისყიდა. დირექტორი კაირიანი გვეუბნება, რომ თუკი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები განვითარდება და მათ კონკურენტულ ფასს შესთავაზებენ, მზად არის, რომ „რეგულარის“ მარკის აზერბაიჯანული ბენზინიც შეიტანოს ქვეყანაში.
რაც შეეხება კრიტიკას ოპოზიციიდან, რომ აზერბაიჯანული ბენზინის შესყიდვით კომპანია „ამდიდრებს აზერბაიჯანულ არმიას“, კარენ ჰაირიანი აცხადებს, რომ ის პოლიტიკოსი არაა და ბიზნესითაა დაინტერესებული. ის ინტერესს გამოხატავს, რომ იმპორტი გააგრძელოს.
ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია, რომელია მეორე კომპანია, რომელმაც აზერბაიჯანული ბენზინი შეისყიდა.
სომხური მედიის ცნობით, გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობს, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.
მან 18 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანთან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა „არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან“.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხები მოგვარდება. „თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“, – სომხური მედიის ცნობით, განაცხადა ფაშინიანმა.
18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.
· მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უსაფუძვლოდ მაღალი ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
· აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა;
· თბილისში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Minval Politika ირწმუნება, რომ ბაქო სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს „თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ“.
ფორუმი