სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის სრული გახსნა რეგიონის კომუნიკაციების განბლოკვის ჯაჭვის შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლია. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას․
მინისტრის თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონეა.
„დეკლარაცია, რომელმაც დაამკვიდრა მშვიდობა ეუთოს პასუხისმგებლობის ზონის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ და ომით დაზარალებულ რეგიონში“.
მინისტრის თქმით, ვაშინგტონის სამიტმა რეალური შესაძლებლობები გახსნა რეგიონული კომუნიკაციებისათვის, უზრუნველყო შიდა სახელმწიფოებრივი, ორმხრივი და საერთაშორისო კავშირები, მათ შორის TRIPP (ტრამპის მარშრუტი) პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხო ლოგისტიკურ ჰაბად ქცევას.
მირზოიანი ასევე მიესალმა აზერბაიჯანის განცხადებას სომხეთის მიმართ ტრანზიტული შეზღუდვების გაუქმების შესახებ.
„როგორც უშუალო და პრაქტიკული შედეგი – ხორბლის პირველი პარტიები უკვე სომხეთში შევიდა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის რკინიგზის მარშრუტის საშუალებით“.
მან ასევე გაიხსენა, რომ სომხეთმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა უზრუნველყოს სატრანზიტო გადაზიდვები თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით.
„ჩემი წარმოდგენილი ჯაჭვიდან, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის სრული გახსნა არის შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც დაასრულებს რეგიონის ტრანსფორმაციის პროცესს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დიალოგს თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრულად დარეგულირების მიზნით. ამ კონტექსტში მსურს გაცნობოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტექნიკური განხილვების მეორე ეტაპი გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების თაობაზე“, – განაცხადა მირზოიანმა.




