სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყება წერს, რომ ერევანი შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
„სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დამიზნებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, დატყვევებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს მათი უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. უფრო მეტიც, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას და მომხრე ვართ პალესტინა-ს კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით მოგვარების. დარწმუნებულები ვართ, ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.