სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში და მიმდინარე კონფლიქტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში, რომელიც გადაჭრას საჭიროებს:
„სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას, ასევე ,მათ მძევლად აყვანასა და დაკავებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს და უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, მოხდეს მათი უპირობო გათავისუფლება“, — აცხადებენ ერევანში.
სომხეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ერევანი უერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც მიმართულია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ერევნის ინტერესია ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა, ისევე როგორც ებრაელ და პალესტინელ ხალხს შორის მშვიდობის დამყარება:
„სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის ვეწეოდით მშვიდობის ადვოკატირებას, მხარს ვუჭერდით საკითხის მშვიდობიან მოგვარებას და ვემხრობით „ორი სახელმწიფოს“ პრინციპს, როგორც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გზას.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა უზრუნველყოფილ იქნას როგორც პალესტინელების, ასევე ისრაელელების ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელება”, – აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერევანი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
ერევანის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპის რიგი ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება. მათ შორის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პალესტინის სახელმწიფო ცნო ესპანეთმა, ნორვეგიამ, ირლამდიამ და სლოვენიამ.