სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მოლდოვის შემთხვევაში, – განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
კაია კალასმა განმარტა, რომ ეს საკითხი 15 დეკემბერს განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.
„თქვენ იცით, რომ სომხეთს მომავალ წელს არჩევნები აქვს. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. სომხებმა მოგვმართეს და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში იგივე მხარდაჭერა ითხოვეს, რაც ჩვენ მოლდოვას გავუწიეთ“, – განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა.
· კიშინიოვს ბრიუსელი მრავალი არხით უჭერს მხარს, მათ შორის მოლდოვაში „ევროკავშირის პარტნიორობის მისიის“ მეშვეობით.
· ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2022 წლიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მოლდოვაში ჰიბრიდული თავდასხმების ტალღა დაიწყო, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად.
· 2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვა საუბრობდა რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე, რასაც ქვეყნის პრორუსულმა ოპოზიციამ უსაფუძვლო, ხოლო რუსეთმა „ანტირუსული ისტერია“ უწოდა.




