სომხეთმა და საქართველომ სომხური კონიაკის ტრანზიტის დაჩქარებაზე ისაუბრეს – მედია

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გევორგ პაპოიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიის გავლით კონიაკის ტრანზიტის საკითხი, კერძოდ, პროცესის დაჩქარების შესაძლებლობები“, – დაწერა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.
სომხური მხარის ცნობითვე, ბოლო თვეებში ქართულმა მხარემ ბარიერები შექმნა სომხური კონიაკის სკენ ტრანზიტის პროცესში. სომხური კონიაკით დატვირთული მრავალი სატვირთო ავტომობილი გაჩერებული რჩებოდა საქართველოს მიმართულებით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში.
“ექსპორტისთვის განკუთვნილი სასმელი, ვითომდა ექსპერტიზის ჩატარების მიზეზით, დღეობით და კვირეობით აჩერებდნენ საქართველოში”, – წერს არმენპრესი.
პრობლემის გამო სომხეთში არაერთი აქცია გაიმართა საქართველოს საელჩოსთან, რომელშიც მონაწილეობდნენ კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.
23 ივნისს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ ჰაკობიანი მივლინებით გაემგზავრნენ საქართველოში, სადაც შეხვდნენ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს და შემოსავლების სამსახურის უფროსს ირაკლი ბერაიას.
“მაღალი დონის მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება 23 ივნისს გეზის საბაჟო ტერმინალიდან 55 სომხური კონიაკით დატვირთული სატვირთოს გაშვებაზე. მხარეებმა ასევე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დამატებით 72 სატვირთო მანქანა გაივლის საზღვარს, რასაც კიდევ 24 მანქანის ეტაპობრივი გაშვება მოჰყვება”, – წერს გამოცემა.
გევორგ პაპოიანმა ასევე განაცხადა, რომ 1-დან 29 ივნისამდე, ქართულ-რუსული საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა სომხური კონიაკით დატვირთული 106 სატვირთო მანქანა, მათ შორის 19 ბოლო სამი დღის განმავლობაში.განყოფილება