პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სატვირთო მანქანების ტრანზიტი უზრუნველყოს. ასე მან სომხეთის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა:
“ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ სომხეთის ბიუჯეტს განვიხილავთ აზერბაიჯანთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. დღეიდან, ჩვენ მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კონკრეტულად კი მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით” – ამბობს პრემიერი.
მისივე თქმით, სომხეთის ისტორიაში პირველად, ბოლო 1 წლისა და 8 თვის განმავლობაში, არცერთი ჯარისკაცი არ მომკვდარა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე:
“სომხეთის ისტორიაში პირველად, ბოლო 1 წლისა და 8 თვის განმავლობაში არცერთი ჯარისკაცი არ მომკვდარა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წელიწადი და რვა თვე არასდროს გვქონია” – ამბობს ფაშინიანი.




