სომხეთი ელოდება ევროკავშირის კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და მონაწილეობას „მშვიდობის გზაჯვარედინში“, მათ შორის TRIPP (ტრამპის მარშრუტი) პროექტში.
მთავრობის პრესკონფერენციაზე ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, „არმენპრესის“ კითხვაზე პასუხისას, რომელიც ეხებოდა „სომხეთი-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით“ განსაზღვრულ ინვესტიციებს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში.
„სომხეთი-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის დამტკიცება მნიშვნელოვანი ცვლილება და განვითარებაა ურთიერთობებში. რაც შეეხება ინვესტიციებს, ვაშინგტონის შეთანხმებებისა და TRIPP პროექტის გამოცხადების შემდეგ ინვესტორთა ინტერესი სომხეთის მიმართ არსებითად გაიზარდა. ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ევროკავშირი, მათ შორის, ჰქონდეს ძალიან კონკრეტული მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, და რა თქმა უნდა, „მშვიდობის გზაჯვარედინში“, მათ შორის TRIPP პროექტის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კონკრეტულ ინვესტიციებსა და ჩართულობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით და აქვს უფრო ფართო კონტექსტი.
ფაშინიანის თქმითვე, რამდენიმე წლის წინ ევროკავშირმა გამოაცხადა სომხეთისთვის 2.6 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის შესახებ. ფაშინიანის განცხადებით, ამ ფარგლებში უკვე განხორციელდა 500 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია, მათ შორის ბანკების მეშვეობით კერძო სექტორის დაკრედიტებით.




