სომხეთი -სგან $11 მლნ-ის დრონების ტექნოლოგიას შეისყიდის

სომხეთი -სგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებს (სათვალთვალო დრონების ტექნოლოგიას) შეისყიდის.
ამის შესახებ დღეს, 9 თებერვალს, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
„ძალიან მოხარული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან ერთად სულ რამდენიმე წუთის წინ მენახა დრონების ზოგიერთი ახალი ტექნოლოგია, რომელსაც სომხეთს მივყიდით. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ საუკეთესო გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის რეალური შეკავების დამყარება, ხოლო რეალური შეკავების დამყარების საუკეთესო გზა არის მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს აქვს. პირველად ჩვენ ვაცხადებთ სამხედრო ტექნოლოგიის დიდი გაყიდვის შესახებ, 11 მილიონი დოლარის ღირებულების სათვალთვალო დრონების ტექნოლოგიას სომხებისთვის და ჩვენი კარგი მეგობრისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის.
ის აპირებს გამოიყენოს ეს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ მშვიდობა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, შენარჩუნდება. ეს ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მეტ სამუშაო ადგილს და მეტ ინვესტიციას ჩვენს საკუთარ თავდაცვის ტექნოლოგიების სექტორში“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-სგან დრონების შეძენაზე ისაუბრა ნიკოლ ფაშინიანმაც. მისი თქმით, ეს სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვითი პარტნიორობის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია.
„უსაფრთხოების დარგში მრავალწლიანი ორმხრივი თანამშრომლობისა და ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო სწავლებების Eagle Partner-ის გაგრძელებად, სომხეთმა აშშ-სგან შეიძინა V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. მათი ეფექტურობა დადასტურებულია გამოყენების მდიდარი გამოცდილებით და ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. იმედი გამოვთქვი, რომ ეს გარიგება, რომელიც აშშ-ის პროგრამის, Foreign Military Sales-ის ფარგლებში განხორციელდა, საფუძველი გახდება თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის“, — განაცხადა ფაშინიანმა.
გარდა ამისა, ფაშინიანმა და ვენსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
„ეს შეთანხმება ახალ ფურცელს გადაშლის სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგოუსაფრთხოების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. მე ასევე მადლიერება გამოვხატე იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები უწევს სომხეთს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და გამოვთქვი მზადყოფნა დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის იმ სფეროებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში 9 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„ახლა, როდესაც ეს შეთანხმება სრულად იქნება დამტკიცებული, იგი გზას გაუხსნის ამერიკულ და სომხურ კომპანიებს შორის სამოქალაქო ბირთვული პროექტების შესახებ კონტრაქტების გაფორმებას. ეს ნიშნავს საწყის ეტაპზე 5 მილიარდ დოლარამდე ექსპორტს აშშ-დან, ასევე დამატებით 4 მილიარდი დოლარის გრძელვადიან მხარდაჭერას საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებების სახით. ეს არის კლასიკური ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია.
ეს ნიშნავს უფრო საიმედო ენერგოუსაფრთხოებას ჩემი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, ეს ასევე ნიშნავს უფრო საიმედო ენერგოუსაფრთხოებას სომხეთისთვის. ამასთან, შეიქმნება უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შეერთებულ შტატებში. საუბარია მცირე მოდულურ რეაქტორებზე. ამერიკული ტექნოლოგიები შემოვა ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგან ერთ-ერთი, სადაც ჩვენ საკმარისად დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ განვახორციელოთ ამ დონის ინვესტიციები. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრის ლიდერობის დამსახურებით ხდება“, — განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში დღეს დაიწყო. ვიცე-პრეზიდენტი სომხეთს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შეხვედრები გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ჯეი დი ვენსი სომხეთის შემდეგ აზერბაიჯანში ჩავა, თუმცა ის საქართველოს არ ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ