სომხეთის ცნობით, საქართველოში გადასატანად განკუთვნილი 161 კგ ჰეროინი ამოიღეს

სომხეთში ირანიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილში 161 კგ ჰეროინი ამოიღეს, ნარკოტიკი საქართველოში გადასატანად იყო განკუთვნილი – ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურზე დაყრნობით არმენპრესი ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „აგარაკში“ საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ირანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილი მისაბმელით რენტგენული აპარატურის გამოყენებით შეამოწმეს, რის შედეგადაც მისაბმელის წინა ნაწილში ფარული სათავსოს არსებობის ეჭვი გაჩნდა.
“დეტალური დათვალიერებისას ფარულ სათავსოში აღმოჩენილი იყო 322 პაკეტი, საერთო წონით 161 კილოგრამი. პაკეტები ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინს შეიცავდა”.
ოფიციალური ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მართავდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც “ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის ეჭვის საფუძველზე დააკავეს და გადაიყვანეს სიუნიქის ოლქის საგამოძიებო განყოფილებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეირჩა”.
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ჰეროინი სომხეთის ტერიტორიის გავლით საქართველოში გადასატანად იყო განკუთვნილი.