სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ – როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენელ კოლეგებთან იდეების გაცვლისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა – თანამშრომლობის უამრავი შესაძლებლობა არსებობს

მრავალი მიმართულებით ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ვცდილობთ, – ამის შესახებ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარტინ გალსტიანმა „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ამ სამიტზე დასწრების შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენელ კოლეგებთან იდეების გაცვლისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თანამშრომლობის უამრავი შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „სომხეთის ცენტრალური ბანკი ფინტექის სექტორის შესაძლო განვითარების შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის მზად არის“.
„ასევე, ჩვენ რეგიონული განვითარების შესახებაც ვფიქრობთ. სწორედ ამიტომ, მრავალი მიმართულებით, მათ შორის ციფრულ აქტივებთან და ფინანსურ რეგულაციებთან დაკავშირებით, ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ვცდილობთ“, – აღნიშნა მარტინ გალსტიანმა.