სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლები სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში შევიდნენ, რათა დააკავონ არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპახიანი — ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.
მიქაელ აჯაპახიანს ბრალი ედება ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. როგორც დღეს, 27 ივნისს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, გიუმრში შირაქის ეპარქიის შენობაში, რომლის ხელმძღვანელის მიმართაც (არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპახიანის) სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც სომხური მედია წერს, სასულიერო პირები შეეცადნენ ხელი შეეშალათ სამართალდამცველებისთვის და საშუალება არ მიეცათ დაეკავებინათ არქიეპისკოპოსი, რის გამოც, მხარეებს შორის დაპირისპირებაც დაიწყო. თუმცა, მედიის ცნობითვე, მიქაელ აჯაპახიანი თავად გამოვიდა ეზოში და სასულიერო პირები დაამშვიდა, რომ “სამართალი იზეიმებს”.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და სასულიერო პირებს შორის დაპირსპირება დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.
