სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტი დაამტკიცა
სომხეთის მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ამის შესახებ News.am და რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება.
პროექტი საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარადგინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ პარლამენტს სამოქალაქო ინიციატივის სახით განსახილველად წარედგინა და ახლა მთავრობამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია.
“ჩვენ ვთავაზობთ რამდენიმე გარემოებაზე დაყრდნობით გამოვხატოთ პოზიტიური პოზიცია. ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები”, – განაცხადა მან.
მირზოიანმა გაიხსენა, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგების კუთხით.
ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას.
„აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და მოწინავე, განვითარებული მეცნიერება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის განხილვა არ ნიშნავს წევრობას და საჭირო იქნება რეფერენდუმი.