სომხეთის მედია რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომის შესახებ იუწყება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტების და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვნელებმა, ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ. ამის შესახებ სომხეთის მედიასაშუალებები წერენ ზოგიერთი უწყების პრესსამსახურზე და ინფორმირებულ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
18 ნოემბრის დილის მდგომარეობით, გადადგომა პირადად დაადასტურა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კარენ ანდრეასიანმა. მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ არ სურს გადაწყვეტილების „სიღრმისეულ მიზეზებზე“ ლაპარაკი და „მიდის სკანდალის გარეშე“. ანდრეასიანის განცხადებით, სომხეთის სასამართლო სისტემა „სამარცხვინო კრიზისიდან გამოიყვანა“ და „ამ ტოქსიკურ თანამდებობაზე“ ყველაზე დიდხანს გაძლო.
რამდენიმე დღის წინ, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლოსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების შედეგებს ვერ ხედავს.
სომხეთის მთავრობას საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს, 18 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ვატიკანში, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია