სომხეთის, აზერბაიჯანის ინტერესია, თურქეთისაც, საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში – ინტერვიუ

„საქართველოს ფუნქციური ამოვარდნა სამხრეთ კავკასიური სივრციდან ფიზიკურად შეუძლებელია: სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესი და თურქეთისაც აუცილებლად იქნება ის, რომ საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა . მას საქართველოს პერსპექტივაზე ვესაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ახლა სხვა ქვეყნები რუსულ ორბიტას სწრაფი ტემპით შორდებიან.
„თუ, ვთქვათ, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არტიკულირებული იქნება, როგორც ანტირუსული საგარეო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს გარკვეული ბალანსის ძებნა მეზობლებთან, რადგან საქართველო აზერბაიჯანზეა დამოკიდებულია ენერგომატარებლით, გაზითა და ნავთობით – აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში, ასევე, თურქეთის ეკონომიკური გავლენა და მნიშვნელობა დიდია საქართველოზე.
საქართველოს ვერ ექნება ურთიერთობა მეზობლებთან, როგორც რუსული გავლენის აგენტს, რადგან საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამას,“ – გვიყვება ბექა კობახიძე.
რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
კითხვა: ბატონო ბექა, იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება – კარგავს სამხრეთ კავკასიაში დომინანტის როლს?
პასუხი: დიახ, ცალსახად კარგავს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში: აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ჯერ კიდევ 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომმა და შემდეგ უკვე 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის სრულმა დაბრუნებამ, რუსეთს გამოაცალა ყველანაირი ბერკეტი აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მანამდე რუსეთი აკონტროლებდა ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკას და დიდწილად ახდენდა გავლენას, ვიდრე იგი მედიატორის ფუნქციას ასრულებდა ყარაბაღის რეგიონში.
რუსეთის ფუნქცია ამოიწურა იმიტომ, რომ აზერბაიჯანმა ისარგებლა 2023 წელს რუსეთის აგრესიით უკრაინის ომში, როცა რუსეთს არ შეეძლო საპასუხო ზომები მიეღო ყარაბაღში. შემდეგი ნაბიჯი, ბუნებრივია, იქნებოდა ის, რომ აზერბაიჯანი მეტად დისტანცირდებოდა რუსეთისგან, რომ რუსეთი გაეყვანა სამხრეთ კავკასიიდან და შემოეყვანა თურქული სამყარო.
ამის შედეგია ის, რასაც ახლა ვხედავთ. ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ რუსების უხეში მოქმედებით ეს პროცესი დაჩქარდა: რუსეთმა ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც არ მოჰყვა ბოდიში, ეტიკეტით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
კითხვა: თქვენი დაკვირვებით, რატომ მოიქცა რუსეთი ასე? ლოგიკურად მას უფრო აწყობდა ამ ეტაპზე გავლენის შენარჩუნება აზერბაიჯანზე.
პასუხი: თვითმფრინავის შეიძლება ჩამოეგდოთ შემთხვევით – ეს ომია. როგორც ვიცით, უკრაინული უპილოტოები დაფრინავენ 1000 კილომეტრის მოშორებითაც ფრონტიდან. შესაძლებელი იყო, რომ ეს მომხდარიყო მართლაც გაუფრთხილებლობით, მაგრამ თუ მოხდა შეცდომა, ამ შეცდომის გამოსასწორებლად უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები: საჯარო ბოდიში, სამგლოვიარო დღის გამოცხადება, დროშების დაშვება, კომპენსაციის გადახდა. ეს აჩვენებდა დანარჩენ სამყაროს, რომ იყო შეცდომა და რუსეთი მართლაც ნანობს, წუხს ამაზე.
კითხვა: როგორც ცნობილია, მხოლოდ პუტინის სატელეფონო ზარი იყო ალიევთან.
პასუხი: ეს იყო პირადი საუბარი – პირად საუბარში ნათქვამი ბოდიში. პოლიტიკა ისეთი რამეა, პირად საუბარში ნათქვამი არ არის პოლიტიკური წონის მატარებელი.ეს უნდა მომხდარიყო შესაბამისი ეტიკეტით, მაგრამ რუსეთის დამოკიდებულება ყოფილი კოლონიებისადმი ასეთია: პუტინმა ვერ დაუშვა თავის დამდაბლება – დამდგარიყო აზერბაიჯანის წინაშე ბოდიშის პოზიციაში.
კითხვა: იმპერიალისტურ კომპლექსებს ვერ გაექცა პუტინი?
პასუხი: რა თქმა უნდა, ვერ გაექცა იმპერიალისტურ კომპლექსებს.
აზერბაიჯანი აღარ არის რუსეთზე დამოკიდებული, მას ჰყავს საკმარისად ძლიერი პარტნიორი თურქეთის სახით და კავკასიის პოლიტიკაში ისინი ს შემოყვანასაც ცდილობენ, რომელიც ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის – ბირთვული სახელმწიფოა ბოლოს და ბოლოს. საუბარია თურქეთის ბაზის განთავსებაზე. პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია, რომ აზერბაიჯანში იქნება თურქული ბაზა.
აზერბაიჯანმა თვითმფრინავის ინციდენტი გადაყლაპა, მაგრამ ამას მოჰყვა ინციდენტების სხვა კასკადი, რაც გამოიხატა აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების უხეშ დაკავებაში, ცემაში, ვიდეო კამერების წინ განზრახ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. ამან დააჩქარა აზერბაიჯანის ქმედებები.
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს ისედაც მოხდებოდა, რადგან აზერბაიჯანული ნაციონალიზმი ანტირუსულია. ეს ისტორიულად ასე იყო და პირველი რესპუბლიკის დროსაც ასე იყო, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისშიც ასე იყო. შესაბამისად, ისტორიული მეხსიერება არსად წასულა.
კითხვა: მიღწევადია ამ გადასახედიდან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
პასუხი: რუსეთს და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობის გამწვავების კვალდაკვალ, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შანსი ერთი-ორად გაიზარდა.
აზერბაიჯანი ვერ და არ დაუშვებს იმას, რომ ერთდროულად დაუპირისპირდეს რუსეთს და სომხეთს. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთი თავად დისტანცირდება რუსეთისგან, აზერბაიჯანი აღარ ხედავს მას, როგორც რუსეთის აგენტს სამხრეთ კავკასიაში. ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს – ცდილობს ურთიერთობას ნორმალიზებას აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ის ჩავიდა კიდეც თურქეთში ერდოღანთან მოლაპარაკებებზე, საუბრები ჰქონდა ალიევთან.
გამომდინარე იქიდან, რომ გამოეცალა უსაფრთხოების ქოლგა, სომხეთი თავად უნდა გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს სამხრეთ კავკასიაში. ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ დიპლომატიით დაარეგულიროს ურთიერთობები.
შესაბამისად, ეს ორმხრივი ინტერესი გაიზარდა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ. გადაწყვეტილი არაფერი არ არის – საბოლოო ჯამში, ალიევის დისკრეციაა და მასზეა დამოკიდებული, მოაწერს თუ არა ხელს შეთანხმებას, მაგრამ შანსი ბევრად მაღალია ახლა.
კითხვა: სომხეთში, გიუმრიში შეიყვანეს რუსებმა დამატებით სამხედრო ძალები. ეს რის დემონსტრირება იყო?
პასუხი: ეს არაფერს არ ნიშნავს – უფრო ნოკაუტის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. რუსეთს ამ ეტაპზე არავითარი უნარი არ აქვს, აზერბაიჯანსა და თურქეთს დაუპირისპირდეს სამხედრო გზით. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთად მოცემული ძალიან დიდი სამხედრო ძალაა.
რუსებს კი, ში სუმის იერიშიც ჩაუვარდათ. ზედმეტია აზერბაიჯანთან ახალი ფრონტის გახსნაზე საუბარი.
ამასთან, თვითონ სომხეთშიც რუსების ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – სომხებმა რუსი მესაზღვრეები ჩახსნეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება გიუმრის ბაზასაც არ ეწეროს დიდი დღე.
კითხვა: შეიძლება ითქვას, რომ საქართველო კარგავს ამ ისტორიულ შანსს, დააღწიოს თავი რუსეთს და თანაც რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიაში?
პასუხი: პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას სტრატეგიულ დონეზე წარმართავს რუსეთი.
რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებასთან“ -ს ელჩმა ისაუბრა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აბსურდული, შეურაცხმყოფელი და ცილისწამებით გაჟღენთილი წერილი გადასცა ტრამპის ადმინისტრაციას. არ მჯერა, რომ ეს წერილი საერთოდ თბილისშია დაწერილი – თარგმნილი იყო რუსული ენიდან ინგლისურ ენაზე.
სტრატეგიულ დონეზე რუსეთი მართავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, თუმცა აქაც მცირდება შესაძლებლობები: თუ, ვთქვათ, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არტიკულირებული იქნება, როგორც ანტირუსული საგარეო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს გარკვეული ბალანსის ძებნა მეზობლებთან, რადგან საქართველო აზერბაიჯანზეა დამოკიდებულია ენერგომატარებლით, გაზითა და ნავთობით – აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში.
ასევე, თურქეთის ეკონომიკური გავლენა და მნიშვნელობა დიდია საქართველოზე. საქართველოს ვერ ექნება ურთიერთობა მეზობლებთან, როგორც რუსული გავლენის აგენტს – საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამას. ასე რომ, გარკვეული ბალანსის პოვნა და დაცვა იქნება საჭირო.
ცალსახად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, საქართველოს პერსპექტივიდან ის მოვლენები, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება.
კითხვა: თუ დღეს საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა სუვერენული და დამოუკიდებელი, რეალურად გაჩნდა შანსი, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთისგან გათავისუფლებულიყო?
პასუხი: რა თქმა უნდა, თბილისი იყო ამის გასაღები ყოველთვის, თბილისი იყო კავკასიის ცენტრი.
ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რომ ქვეყანა მთლიანად, პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, მიბმოდა რუსეთს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანში დაკარგა გავლენის ბერკეტი, ბევრად მეტი მექანიზმი აქვს რუსეთს დღეს საქართველოში, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში: ღვინის ექსპერტის 80 % იყიდება რუსულ ბაზარზე, ტურისტული სექტორიც რომ ავიღოთ, ინვესტიციების სექტორი და ასე შემდეგ, დამოკიდებულია რუსეთზე.
კითხვა: თუ სომხეთსა და აზერბაიჯანში მშპ-ს 6 %-ს აღწევს თავდაცვის ხარჯები, საქართველოში ეს არის 1.7 %. ბოლო 13 წელია რუსეთის ერთი აგენტი არ დაკავებულა საქართველოში. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური განზომილების ცვლილება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, რადგან საქართველოში მიზანმიმართულად 13 წელია რუსებს გადასცემენ საქართველოზე გავლენის ბერკეტებს.
პასუხი: საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ რუსეთი მართავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.
კითხვა: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი საქართველოა, როგორც ეს იყო წარსულში, როცა რუსული ჯარი შემოდიოდა კავკასიაში?
პასუხი: პირველ რესპუბლიკის დროს, ჯერ აზერბაიჯანის და სომხეთის ოკუპაცია მოხდა და ბოლო იყო საქართველო – პირიქით ფორპოსტად იყო გამოყენებული, მაგრამ 1801 წლის მაგალითს თუ ავიღებთ – რომ არა ფაქტობრივად წინააღმდეგობის გარეშე რუსეთის თბილისში შემოშვება, რუსეთის კონტროლი დანარჩენ კავკასიაზე ასე იოლად ვერ გავრცელდებოდა.
შამილის ბრძოლებში ქართველს ფეოდალებს წამყვანი როლი და ადგილი ეკავათ – ისინი ეხმარებოდნენ რუსებს კავკასიის დაპყრობა-დამორჩილებაში.
კითხვა: როგორ მოახერხა მაშინ რუსეთმა ქართველი ფეოდალების მიმხრობა?
პასუხი: დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან შამილი თუ კავკასიის თავისუფლებისთვის მებრძოლია, იმდროინდელი ქართველისთვის – ჩვეულებრივ ხალხზე არ მაქვს საუბარი, რომელიც არც არის აქტორი ისტორიაში – ფეოდალისთვის შამილი ლეკია, რომელიც იტაცებდა ქართველებს და ჰყიდდა. რუსეთი კი მათ [ფეოდალებს] აძლევდა კარიერის გზას. იგივე გრიგოლ ორბელიანებმა და სხვებმა ამ დროს მიიღეს კარიერა, თანამდებობა და ასე შემდეგ.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეტაპზე, როცა ქართველებმა რუსები შემოიყვანეს კავკასიაში, ის ქართველები თვითონ დაისაჯნენ: 1800-იან წლებში ბაგრატიონები სრულად გადაასახლეს რუსეთში, პირიქით, ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე.
კითხვა: არ ენდობოდნენ? რატომ მოხდა ეს?
პასუხი: ცალსახად – იყო უნდობლობა.
რუსეთი როცა შემოდის, მას საკუთარი ელიტა სჭირდება მმართველად. იგივე 1920-იან წლებში, როცა ბოლშევიკებმა შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ისინი მთლიანად გაანადსგურეს რეპრესიების შედეგად, დიდი ტერორის დროს.
შემდეგი ეტაპიც გავიხსენოთ: 1993-95 წლებში ედუარდ შევარდნაძემ დსთ-ში შეიყვანა საქართველო და რუსეთის პირდაპირი აგენტები დანიშნა საქართველოს მთავრობაში – იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად, ვარდიკო ნადიბაიძე თავდაცვის მინისტრად და ასე შემდეგ. ეს ის ხალხია, ვინც შემდეგ შევარდნაძეს ტერორისტული აქტი მოუწყო – ააფეთქეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.
ამ უბედურებას ვერც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასცდებიან, ვინც ეპატიჟება რუსეთს საქართველოში.
კითხვა: მათ შორის, , რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი ჩასვა?
პასუხი: ყველას კარზე დაიჩოქებს ეგ აქლემი – ისტორიაში სხვაგვარად არც ყოფილა.
კითხვა: მინდა გკითხოთ თურქეთზე, როგორც რეგიონული ლიდერზე. რამდენად შეიძლებოდა საქართველოს დაენახა თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და, შესაბამისად, ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა ამ რეგიონში?
პასუხი: მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, საბჭოთა დროით გაგრძელებული, დღემდე, რუსული პროპაგანდის ნარატივი არის არა ის, რომ ჩვენ ვართ კარგები – ისინი ამას არ ამბობენ – არამედ საუბრობენ თურქეთზე, როგორც უფრო დიდ საფრთხეზე, ვიდრე რუსეთია: იმისთვის, რომ არ ჩაგყლაპოთ თურქეთმა, მე უნდა ვიყო აქ!
მუდმივად, მათ შორის, ისტორიაში ამის პედალირება ხდება, რომ ესაა რუსეთის როლი. ამ დროს მითი და რეალობა ეზილება ერთმანეთს რუსულ ნარატივში.
კითხვა: ამაზე აქტიურად მუშაობს დღესაც კრემლის პროპაგანდა საქართველოში.
პასუხი: თურქეთი არ არის მარტივი ქვეყანა. რუსეთის მოსვლამდე თურქეთი თავად იყო კოლონიზატორი სახელმწიფო საქართველოში. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთან მიმართებით. დღესაც თურქეთი არ არის დემოკრატია, მაგრამ საქართველო უნდა ლავირებდეს და ეძებდეს ძალთა ბალანსს რეგიონში.
საქართველოს არ შეუძლია და არ აწყობს, ცალსახად რომელიმე რეგიონულ ძალას მიეკედლოს. საქართველოსთვის ცალსახად მნიშვნელოვანია ევროპის და აშშ-ს რაც შეიძლება უფრო არსებითად და ძლიერად ყოფნა რეგიონში – დასავლეთის ყოფნა რეგიონში საქართველოს იცავს ადგილობრივი სახელმწიფოების გავლენებისგან.
საქართველომ უნდა მოძებნოს ბალანსი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს თურქეთის გამოყენება რუსეთის დასაბალანსებლად, თუნდაც ჩინეთი. ცალსახა და ცალმხრივი საქართველოს საგარეო პოლიტიკა ვერ იქნება.
საქართველოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს თურქეთის ეკონომიკური ინტერესი წარმოდგენილი, ასევე ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები… რუსეთმა მთლიანად დაწვა, დაანგრია ყველანაირი კავშირი დასავლეთთან.
ის, რომ დასავლეთი იყოს საქართველოში წარმოდგენილი, ეს არ ეყოფა საქართველოს თავის დაცვისთვის. რუსეთი გადაეწყო მთლიაანდ ე.წ. გლობალურ სამხრეთზე. რუსეთი ცდილობს, ამ სივრცეში სახელმწიფოებთან მოძებნოს ეკონომიკური და პოლიტიკური თავსებადობა და თანხვედრა. რუსეთი საკუთარ თავს ვერ მისცემს იმის უფლებას, რომ ერთდროულად ააფეთქოს ურთიერთობა ევროპასა და ამერიკასთან, ასევე თურქეთთან, ჩინეთთან, ირანთან და სხვებთან.
შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ სახელმწიფოების ინტერესები. თურქეთისთვის, ან ჩინეთისთვის მართლა არ აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატია იქნება, თუ ავტორიტარიზმი. მათთვის მნიშვნელოვანია ეს კორიდორი და ის, რომ ეს კორიდორი ხელში არ ეჭიროს რუს ჯარისკაცს – რუსი ჯარისკაცისგან არ უწევდეთ ნებართვის აღება იმაზე, რომ გაატარონ ამ კორიდორში.
საქართველოს შეუძლია თურქეთის, ჩინეთის და გნებავთ ირანის გავლენა გამოიყენოს ამ შუა კორიდორის პოლიტიკური დაცულობისთვის.
კითხვა: რა შემთხვევაში უშვებთ იმას, რომ საქართველო გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად და რუსულ ორბიტას ჩამოშორდეს?
პასუხი: ვიდრე „ქართული ოცნებაა“ საქართველოს ხელისუფლებაში, არანაირ სუვერენულ საგარეო პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს. ცვლილებების მთავარი გასაღები უკრაინაში დევს.
უკრაინის ომი კი, არ დასრულდება კიდევ რამდენიმე წელი: შეიძლება ეს იყოს 3, 5 ან 7 წელი. მეტსაც ვიტყვი, რომ ალბათ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ ეს ომი დასრულდება ერთი ან მეორე მხარის სრული მარცხით. ეს ვერ იქნება გაყოფა და შერიგება.
რა იქნება წლების შემდეგ – პროგნოზირება ძნელია. სრულიად რეალისტურია მოხდეს ისე, რომ ბრძოლა დამთავრდეს რუსეთის კოლაფსით. ეს გამოიწვევს არამხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ კონტინენტზე ცვლილებებს – ავტორიტარული რეჟიმების მარცხს და დემოკრატიის გამარჯვებას.
ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მათ შორის ის, რომ დიქტატურა მყარდება საქართველოში, ეს არაა ადგილობრივი საკითხი. ეს არის ექო იმის, რაც რუსეთში ხდება – რუსეთი იკრებს თავის გარშემო ქვეყნებს, მოკავშირეებს, „ქართული ოცნება“ კი, რუსეთს ეუბნება, რომ არ არის საჭირო შემოსვლა, ჩვენი ხელით დავამყარებთ ისეთ რეჟიმს, რომელიც იქნება რუსეთთან თავსებადი, ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს სტრატეგიულ დონეზე გავასწორებთ რუსულ ორიენტირებთანო.
ეს ხდება დღეს. ამის შეცვლა რუსეთის მარცხის გარეშე ძნელი იქნება.
კითხვა: საქართველოს გარეშე რა პერსექტივა აქვს სომხეთს და აზერბაიჯანს?
პასუხი: ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით შორს ვართ იქამდე, რომ ზანგეზურის კორიდორი გაიხსნას. ეს რომც გაიხსნას, საეჭვოა ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ამ კორიდორმა შეძლოს საქართველოში გამავალი გზების ჩანაცვლება. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ მოხერხდება.
ამიტომაც, საქართველოს ფუნქციური ამოვარდნა სამხრეთ კავკასიური სივრციდან ფიზიკურად შეუძლებელია: სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესი და თურქეთისაც აუცილებლად იქნება ის, რომ საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში.
batumelebi.netgazeti.ge