სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო კომისიებმა ოქმს მოაწერეს ხელი

15 მაისს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე, სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის თავმჯდომარეობით, ორ რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის, ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის მეცხრე შეხვედრა გაიმართა.
“არმენპრესის” ცნობით, კომისიის სხდომაზე, მათ მიერ მიღებული 2024 წლის 19 აპრილის მერვე სხდომის დროს მიღებული ოქმის შესაბამისად, განიხილეს ჩატარებული სამუშაოები.
შეხვედრაზე შეათანხმეს ერთობლივად შედგენილი, ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტების გათვალისწინებით, სასაზღვრო ხაზის მონაკვეთების ოქმი და აღწერა შემდეგი დასახლებული პუნქტების: ბაგანისი (სომხეთის რესპუბლიკა), ბაგანის აირიმი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), ვოსკეპარი (სომხეთის რესპუბლიკა), აშაგი ასკიფარა (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), კირანცი (სომხეთის რესპუბლიკა), ჰეირიმლი ( აზერბაიჯანის რესპუბლიკა), ბერქაბერი (სომხეთის რესპუბლიკა) და კიზილ ჰაჯილი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა).
ეს საზღვრები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საბჭოთა კავშირის ფარგლებში მოქმედ რესპუბლიკებს შორის საზღვართან მისი დაშლის დროს.
შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს.
“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოქმის ხელმოწერა დიდი წარმატებაა.
“ეს დიდ წარმატებად მიმაჩნია ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, დაიდო ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მეორე, დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად, ჩვენს რესპუბლიკას აქვს ოფიციალურად დელიმიტირებული საზღვარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონეს არა მხოლოდ აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ” – განაცხადა ფაშინიანმა.
19 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ეს საკითხი ხელს უშლის ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას.
23 აპრილს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს პირველ შეთანხმებას საზღვრის დადგენაზე ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, რასაც სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ამ დრომდე ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ს პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.