“ერთა ლიგის” “ბ” დივიზიონის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი ფორმალობა გახდა. ერევანში დამაჯერებელი (3:0) გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთის ნაკრებს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს – კვირას, 23 მარტს, 18:00 საათზე.
ვილი სანიოლის გუნდს გასული წლის ოქტომბერი და ნოემბერი წარუმატებელი ჰქონდა. ლიგაში ადგილის შენარჩუნება გამოვიდა, ივნისში ამხანაგური მატჩები იქნება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემოიინატის შესარჩევ ეტაპზე ჩართვა.
26 მარტს ერთი წელი გადის, რაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იზეიმა. 2023 წლიდან მოყოლებული, შინ მხოლოდ ორი წაგება იყო (ესპენეთთან და ალბანეთთან). სომხებთან თბილისურ დაპირისპირებაში შემადგენლონაში ბევრ
სიახლეს ველით, მთავარი კი ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებაა, რომელიც მოპოვებული უპირატესობის გაზრდას ეცდება.
კვარაცხელია და მიქაუტაძე
საქართველო-სომხეთის მატჩები როგორც წესი, უხვგოლიანია და ხშირ შემთხვევაში გოლი ორივე გუნდს გააქვს. ვან’ტ სხიპის ფეხბურთელების უმთავრესი მიზანი იქნებ სწორედ მეტოქის კარის დალაშქვრა იყო, რაც ერევანში ვერ მოახერხეს, უფრო მეტზე ფიქრი კი რთული იქნება. სომხეთის ნაკრებმა ბოლოს საქართველოს დედაქალაქში კი მოიგო (2:1), მაგრამ მაშინ სხვა ვითარება იყო. მოსკოვის “ლოკომოტივის” მარცხენაფლანგელს, 25 წლის ნაიაირ ტიკნიზიანს (ნაკრებში 22 ნომერია), ესპანური კლუბები აკვირდებიან და მოტივირებული იქნება.
სანიოლი შემადგენლობას კი გადაახალისებს, მაგრამ საქმე ოფიციალურ მატჩთან გვაქვს და სიახლეების მასშრატის განსაზღვრა რთულია. გურამ კაშიას დაბრუნება ისევ სამ მცველზე გადავლას შეიძლება ნიშნავდეს. ასეთ დროს, შესაძლოა, ფლანგზე დრო ლევან შენგელიამ მიღოს; საინტერესოა, ლუკა ლაცაბიძის დებიუტს თუ ვიხილავთ; ნიკა კვეკვესკირის ნაცვლად შოთა ნონიკაშვილის გამოჩენას ვვარაუდობთ; თუკი გიორგი ზარია დროს მიიღებს, მაშინ ალბათ გიორგი ჩაკვეტაძე დაისვენებს. წესით, გიორგი გულიაშვილიც უნდა ვნახოთ.
მთავარი მსაჯი ინგლისელი ენტონი ტეილორი იქნება. მან ამ თვეში ჯერ მანჩესტერი – არსენალი განსაჯა, შემდეგ კი მიქაუტაძის “სტიაუასთან” ის მატჩი, სადაც ქართველს დუბლი და ორი საგოლე პასი ჰქონდა. არის დიდი მიზეზი, რის გამოც ამ მსაჯზე მხოლოდ ცუდი გვახსენდება. მან თბილისში საქართველო – ჩრდ. მაკედონიის შეხვედრა განსაჯა, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო დროს წარმატებამ ის დღე გადაგვავიწყა!..