სოლიდარობა მზია ამაღლობელს – „დაფიონის“ დაპატიმრებული ლიდერი ზვიად ცეცხლაძე

სამოქალაქო მოძრაობა „დაფიონი“ აქვეყნებს მოძრაობის დამფუძნებლის, პროევროპულ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული ზვიად ცეცხლაძის წერილს მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად.
„ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე“, – წერს ზვიად ცეცხლაძე.
„თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთისა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ. ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს, როგორც ძლიერ ქალს და ძლიერ ჟურნალისტს“, – წერია მის მიერ გამოგზავნილ წერილში.
ზვიად ცეცხლაძის წერილს აზიარებს მამამისი, ზურაბ ცეცხლაძეც, და წერს: „თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფალი სიტყვის სიმბოლოს“.
ზვიად ცეცხლაძე, სტუდენტი, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი და აქციების აქტიური მონაწილეა. „დაფიონი“ ცეცხლაძემ სხვა ბათუმელ ახალგაზრდებთან ერთად ში ომის დაწყებიდან მალევე დააფუძნა.
იგი 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს, – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-7 დღეს.
მას პროკურატურა, სხვა არაერთი დაკავებულის მსგავსად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ძალადობას სხვებთან ერთად გეგმავდა და ხელმძღვანელობდა.
-ში ასევე განაცხადეს, რომ ზვიად ცეცხლაძის სახლში „მოლოტოვის კოქტეილები“ იპოვეს. ცეცხლაძემ ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა.
მას, როგორც აქციების მონაწილე და დაკავებულ სხვა ათობით ადამიანს, დემონსტრაციების მონაწილეები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი – საერთაშორისო პარტნიორების დიდ ნაწილთან ერთად – პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას”. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, – 12 ორგანიზაციასთან და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, – საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.
მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.
ფორუმი